მძევლების გათავისუფლება

ქართველი მეზღვაურები მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

 

15 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იტყობინება.

 "მეზღვაურები იმყოფებიან შეიარაღებული დაცვის თანხლებით საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე. ამ დროისთვის ისინი მიემგზავრებიან აფრიკის ერთერთ უსაფრთხო პორტში. ქართველი მეზღვაურების განთავისუფლებას ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობდა. მეზღვაურებს ჩაუტარდებათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

 განთავისუფლების ოპერაცია უშუალოდ პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ ხორციელდება. აფრიკაში იმყოფებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მამაუკა ახალაძე და თეიმურაზ შერვაშიძე, კოორდინაციას კი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი უწევს.

 საემიგრაციო პროცედურების მოგვარება დაწყებულია, სულ მალე ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.

 შეგახსენებთ, 2010 წლის სექტემბერში, ხომალდ "ოლუპელ აიჯიზე" სომალელმა მეკობრებბმა 18 ქართველი და 14 თურქი მეზღვაური დააკავეს და გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ, რის გამოც ხომალდის მფლობელმა კომპანიამ მეკობრეებთან მოლაპარაკება შეწყვიტა. ქართვეული მეზღვაურების გათავისუფლების თაობაზე ინტენსიურ მოლაპარაკებას საქართველოს პრეზიდენტის უშუალო პატრონაჟით მთავრობის უწყებათშორისი კომისია აწარმოებდა.

 

კომენტარები