კულტურული მემკვიდრეობა

100 ქართული ძეგლი Google Map -ზე

დღეიდან Google Map-ზე 100-მდე ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიება უკვე შესაძლებელია. თითოეულ ობიექტს თან ერთვის სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ. რუკის ინსტრუმენტებით შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მოახლოება ან დაშორება (ზუმირება).

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საჯარო რეესტრის მხარდაჭერით განხორციელდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სოსო წიქარიშვილის თქმით, საქართველოდან google-ის ადმინისტრაციას გაუგზავნეს ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც გზების, დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, ბორნების, მდინარეების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ყველა ინფორმაციაა განთავსებული.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული დანარჩენი ძეგლები Google Map-ზე ეტაპობრივად განთავსდება, რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს“ - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორიმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.

 

კომენტარები