პრეზენტაცია

მიქელ თამარაშვილის - ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ თამარაშვილის რეპრინტის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ პრეზენტაცია. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოსცა, ავტორის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავთან დაკავშირებით.

„ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ მოგვითხრობს, როგორ გავრცელდა კათოლიკობა საქართველოში, როგორ და რა პირობით მოღვაწეობდნენ კათოლიკე მოძღვრები, რამდენად ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა. წიგნი ასევე აღწერს, საქართველოში კათოლიკობის ისტორიასთან დაკავშირებული XIII – XX საუკუნეებში განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. მასში წარმოდგენილია ისტორიული საბუთები თავისი განმარტებებით.

წიგნის ავტორი, მიქელ თამარაშვილი ახალციხეში დაიბადა. სასულიერო განათლება ევროპაში მიიღო. თბილისში კი ის კათოლიკური ეკლესიის მღვდლად განაწესეს. მისი აშკარად პროქართული ქადაგებები მიუღებელი აღმოჩნდა რუსეთის ცარისტული რეჟიმისთვის, ამიტომ თამარაშვილს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვეს და დედაქალაქიდან გააძევეს. თამარაშვილმა საქართველო დატოვა და იტალიაში გაემგზავრა, სადაც რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი გახდა. თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს მიქელ თამარაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტული მემკვიდრეობის მოძიება-დაცვაში.

”ქართველ მეცნიერთა შორის დღემდე არ შენელებულა ინტერესი მიქელ თამარაშვილის მოღვაწეობის მიმართ და საქართველოს ბიბლიოთეკაში აღნიშნული ნაშრომი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორის სახელდება.”- განმარტავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

 

 

კომენტარები