არქივი

საგაზეთო შენიშვნები ტფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე

ილია ჭავჭავაძე უპირველესად პოლიტიკოსი გახლდათ. წლების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი აზრი საქართველოს შესახებ, მისი მომავალი მოწყობისა თუ ცხოვრების შესახებ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ქართული საზოგადოებისთვის, მას რუსეთის იმპერიაც ხშირად უგდებდა ყურს. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსულ პოლიტიკურ წრეებთან. ეს საგაზეთო შენიშვნები კარგად გვიჩვენებს მის აზრს თუ როგორ უნდა იმართებოდეს ჩვენი ქალაქი და სახელმწიფო.

გიორგი მჟავანაძე

ისტორიკოსი

ხვალ 18 მაისს განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ – ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ 4 წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის ავკარგიანობისათვის.

აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ეხლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, – რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, – მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი ქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მომჯობინდეს, მოჯანმრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენი დედაქალისთვის. ჰაერი, წყალი, ადგილი – ყველაფერი რითაც მოსაწონებად ქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის.

კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა, ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.

ყველამ ერთად, რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცნი, ამოირჩიეთ თქვენს შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქეთ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, – ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წარმწყმედელნი და დამღუპავნიო?

თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს.

ილია ჭავჭავაძე  

 

კომენტარები