წყალდიდობა

საქართველოს პრეზიდენტი: ბარაკებში აღარავინ უნდა იცხოვროს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, გუშინდელ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს.

,,მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც სტიქია მძვინვარებდა, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური, რათა მაქსიმალურად აცილებული ყოფილიყო მსხვერპლი.’’- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი ორთაჭალაში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ გულუას ქუჩაზე იმყოფება, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ეცნობა. მისი განცხადებით, ის უკვე ესაუბრა თბილისის მერს, გიგი უგულავას და თბილისის მასშტაბით ე.წ. ბარაკების აღწერა დაიწყება. პრეზიდენტის თქმით, თბილისსში ,,ბარაკების პირობებში'' აღარავინ აღარ უნდა იცხოვროს.

გუშინ ძლიერმა წვიმამ მდინარე მტკვრის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია. მოვარდნილ ღვარცოფს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ორი ქალი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი მოხუცი ქალბატონია. 

 

კომენტარები