ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალი სტატუსნეიტრალური დოკუმენტების საკითხს გამოეხმაურა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მიერ ბათუმში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით სანაკოევის უწყება შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ საქართველოს მიერ გაცემულ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს აღიარებს.

”გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტები ნეიტრალური სახისაა, თუმცა ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ფაქტს, რადგან დოკუმენტებში ”ქვეყნის კოდის” გრაფაში მინიშნება საქართველოზეა გაკეთებული.” - აღნიშნულია განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრეთვე, განმარტავს, რომ ”ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუდის ფონზე გაკეთებულმა ანალოგიური სახის განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მოლაპარაკებების პროცესზე და საქართველოს ძალის გამოუყენლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე უარის თქმისაკენ უბიძგოს.”

ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჰილარი კლინტონმა გუშინ განაცხადა, რომ მალე ამერიკის საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოში მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს, რომელთა საშუალებითაც კონფლიქტური რეგიონის მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეერთებულ შტატებში ისწავლონ ან იმოგზაურონ.

სტატუსნეიტრალური დოკუმენტები  საქართველომ საგანგებოდ ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისათვის შემოიღო. დოკუმენტებში არ არის მითითებული მისი მფლობელის მოქალაქეობა, თუმცა აღნიშნულია, რომ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არის გაცემული. 

 

კომენტარები