განათლების სამინისტრო

პროფესიული განათლების დაფინანსების მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მსურველთათვის 1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპს დღეს იწყებს. ამჯერად, 1500 მსურველი შეძლებს სასურველ პროფესიას დაეუფლოს.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიული განათლების მიღების მსურველს 1000 ლარიანი ვაუჩერი თავად გადასცა.

1000 ლარიანი ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპზე სამინისტრო ყველა მსურველს დააფინანსებს. მათ შორის: სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულებს და იმ მეთორმეტეკლასელებს, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების დაუფლება გადაწყვიტეს. მესამე ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს.

ამჟამად უკვე დაფინანსებულია 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლებიც პროფესიას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სხვადასხვა კოლეჯებში ეუფლებიან.

პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი 2012 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა.

ვაუჩერების გაცემა თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში ერთდროულად დაიწყება.

 

კომენტარები