საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

მიძღვნილი საქართველოს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავისადმი

მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავი. ეს თარიღი საუკეთესო საბაბია, რათა საზეიმოდ აღინიშნოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცი წლისთავი და შევაფასოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები.

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გააჩნიათ. ჩვენი ურთიერთობების ისტორიული მატეანე გამუდმებით მდიდრდებოდა გამოჩენილი პიროვნებების სახელებით, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ჩვენს ქვეყანაში და იღწვოდნენ ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ალბათ, ჩვენი ერთობლივი ისტორიის ყველაზე ემოციური ეპიზოდი უკავშირდება ამიერკავკასიაში ბრიტანეთის პირველ უმაღლეს კომისარს სერ ოლივერ უორდროპს. იგი ძალისხმევას არ იშურებდა საქართველოს კულტურის წარმოჩენისათვის, დასავლური ცივილიზაციისათვის ქვეყნის გაცნობისა და დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად ახლადფორმირებული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ბოლშევიკური საფრთხის წინააღმდეგ. 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდგომ უორდროპმა ლონდონში დააფუძნა ქართული საზოგადოება და ქართული კომიტეტი. 1930 წელს მან ჩამოაყალიბა ქართული ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალს „გეორგიკა“.

1992 წლიდან, ქვეყნებს შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები საგრძნობლად გაღრმავდა. უკანასკნელი 20 წელი ინტენსიური თანამშრომლობით ხასიათდებოდა და აღსავსე გახლდათ პოზიტიური მოვლენებით. ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის ეფუძნებოდა მეგობრულ და ორმხრივად ხელსაყრელ ურთიერთობებს, თითოეული მხარის წინაშე არსებული გამოწვევების კარგად გაცნობიერებას და ინტერესების თანხვედრას მნიშვნელოვანი საკითხების ფართო სპექტრში.

შეუძლებელია არ გამოვთქვა გულწრფელი მადლიერების სიტყვები გაერთიენებული სამეფოს მიერ საქართველოსთვის გაწეული პოლიტიკური მხარდაჭერისთვის უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში. ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, თავდაცვისა და ინსტიტუციონალური მშენებელობის სფეროში ორმხრივმა თანამშრომლობამ, უდაოდ, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობას.

საქართველო და გაერთიანებული სამეფო აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ბიზნესის განვითარებისა და კომერციულად ხელსაყრელი პროექტების რეალიზაციის კუთხით, კერძოდ კი, ენერგო–მეგაპროექტებისა – საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების, მილსადენების სისტემების გამოყენების მეშვეობით, დივერსიფიცირებული და კონკურენტუნარიანი რეგიონული ენერგეტიკული ქსელისა და ბაზრის მშენებლობის მიზნით.

ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ასევე ერთიანი ხედვა ევროპისა, სადაც არ უნდა არსებობდეს გამყოფი ხაზები და რომელიც ეფუძნება მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევ მხარდამჭერად. საქართველო და გაერთიანებული სამეფო აგრძელებენ ერთობლივ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ISAF-ის ოპერაციაში თავიანთი წვლილის შეტანის გზით.

ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების არსებული დინამიკის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობა და ხალხთა შორის კონტაქტები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

 

კომენტარები