ერთიანი ეროვნული გამოცდები

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

საქართველოს მასშტაბით გამოცდები აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს, პედაგოგებისთვის კი - 2 ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გამოცდა გრანტის გაუმჯობესების მსურველთათვის ჩატარდება, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.

2012 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ გამართეს. მინისტრის განცხადებით, ყველა საგამოცდო ცენტრი მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. წელს, საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ეყოლება. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი - 8+1 ამოქმედდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. სასერტიფიკაციო გამოცდას 40 000-მდე მასწავლებელი გაივლის, ხოლო სამაგისტრო გამოცდას დაახლოებით 7500 სტუდენტი ჩააბარებს.

 

კომენტარები