ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორია საქართველოში

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორია საქართველოში

მომდევნო კვირას საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გამოცდების შედეგებით გადაწყდება, მოხვდებიან, თუ არა ისინი სასურველ ფაკულტეტებზე მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტებში, როგორი იქნება მათი შემდგომი 4 წელი. ეს გადაწყვეტილება და შემდგომი ეტაპები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ მომავალსაც. აბიტურიენტებს აქვთ შანსი იმისა, რომ 12 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამოავლინონ და საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ. ცხადია, ეს ყველაფერი დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. წელს გამოცდებზე  45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა საქართველოში 2005 წელს დაინერგა, თუმცა 2002 წლიდან უკვე არსებობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას. 2005 წლიდან მის მოვალეობებს ეროვნული გამოცდების ადმინისტრირება დაემატა. ამ ორგანიზაციისა და, ზოგადად, რეფორმის  მიზანს უნივერსიტეტებში საბჭოთა კორუმპირებული მიღების წესის აღმოფხვრა წარმოადგენდა. ქრთამის დახმარებით ჩაბარება ქართულ სივრცეში წლობით დამკვიდრებული და ფესვგადგმული პრაქტიკა იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმამ იმჟამინდელ უპირველეს ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. ამ დროიდან ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისთვის სტუდენტები გამოცდაში მიღებული ქულებით შეირჩევიან. სტუდენტების შერჩევისა და დაფინანსების გაცემის ერთადერთ კრიტერიუმად გამოცდებში მიღებული შედეგები რჩება.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს საქართველოში არცთუ დიდი ისტორია აქვს, თუმცა 2005 წლიდან დღემდე აქტიურად განიცდის ცვლილებებს. 

როგორ იცვლებოდა წლების განმავლობაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელი

თავდაპირველი მოდელის მიხედვით, 2005 წელს სამი სავალდებულო გამოცდა ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ზოგადი უნარების გამოცდა. აბიტურიენტი დაფინანსებას სავალდებულო გამოცდების შედეგების მიხედვით იღებდა. მათემატიკის გამოცდა იყო ერთადერთი არჩევითი საგანი და აბიტურიენტი მას ფაკულტეტის მოთხოვნის შესაბამისად აბარებდა. ოთხივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსების გამოთვლაში გამოიყენებოდა უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებს შორის მიღებული უმაღლესი ქულა. ეს სისტემა სრულიად უცხო იყო ჩვენი საზოგადოებისთვის და როგორც ყველა სიახლეს, დიდი ნაწილი მასაც შიშითა და უნდობლობით შეხვდა. აბიტურიენტების გარკვეულმა ნაწილმა შფოთის საფუძველზე უარი თქვა გამოცდაზე გასულიყო, თუმცა დამამთავრებელი კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გამოწვევა მიიღეს და წარმატებით ჩააბარეს გამოცდები, სასურველ ფაკულტეტებზე სამართლიანი შერჩევის საფუძველზე მოხვდნენ. 

2006 წელს არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს კიდევ ოთხი საგანი დაემატა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა. შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების სისტემაც და ნაცვლად სამი გამოცდისა, გრანტი გაიცემოდა ზოგადი უნარების გამოცდის მიხედვით. 

2007-2009 წლებში გამოცდების ფორმატი არ შეცვლილა. 2010 წელს სახელმწიფო დაფინანსება ოთხი გამოცდის მიხედვით გაიცემოდა. შესაბამისად, აბიტურიენტს, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსების მიღება სურდა, განურჩევლად სასურველი ფაკულტეტის მოთხოვნებისა, სავალდებულო გამოცდებთან ერთად არჩევითი გამოცდაც უნდა ჩაებარებინა. 2012 წელს აბიტურიენტებს შვიდის ნაცვლად, თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევა შეეძლოთ. 2013 წელს კი ეს შეზღუდვა სრულებით გაუქმდა. აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ განაცხადში ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ, რომლებზეც  მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა. ზოგ ფაკულტეტზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა. 

2014-2015 წლებში არჩევითი საგნების გამოცდებს კიდევ რამდენიმე დაემატა და ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაზეც გახდა შესაძლებელი. 

2016 წელს დაიწყო გამოცდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის პრაქტიკა. ჯერჯერობით ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ტესტის ნაწილია მოწოდებული, პასუხების ფურცელს კი აბიტურიენტები წერილობით ავსებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში გამოცდების სრულად ელექტრონულ ფორმატში დანერგვა იგეგმება. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოდელში ყველაზე დიდი ცვლილება 2020 წელს გატარდა. ახალი მოდელი მოიცავს სამ სავალდებულო გამოცდას: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და, კონკრეტული პროგრამიდან გამომდინარე, ისტორია ან მათემატიკა. საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მიმართულებებზე ჩაბარებისთვის, აბიტურიენტები აბარებენ მათემატიკას, ჰუმანიტარულ პროგრამაზე - ისტორიას. მეოთხე გამოცდა არჩევითი რჩება და სასწავლო დაწესებულებებს აქვთ უფლება ცალკეულ პროგრამებზე დამატებითი გამოცდის ჩაბარება მოითხოვონ. ზოგადი უნარების გამოცდა არჩევით საგანთა გამოცდების სიაში შედის. ცალკე გამოყოფილია ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლისთვისაც ოთხი საგნის ჩაბარებაა აუცილებელი.  აბიტურიენტი აბარებს ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხოურ ენას, ბიოლოგიას და მათთან ერთად ირჩევს მათემატიკის, ქიმიისა ან ფიზიკის გამოცდის ჩაბარებას. 2021 წელს შეიცვალა ზოგიერთი გამოცდის ფორმატი და ხანგრძლივობა. 

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, დღეს მისი ოდენობა 2 250 ლარს შეადგენს. აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს 100%, 70% ან 50%-იანი დაფინანსება გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური თანხა 2004 წლის შემდეგ არ შეცვლილა. სახელმწიფო გრანტი არ გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე და პირებზე, რომლებიც არააკრედიტირებულ პროგრამებზე მიიღებენ სწავლის გაგრძელების უფლებას.

ეროვნული გამოცდების რეფორმამ წარმატებით გაართვა თავი მის მთავარ მიზანს და გადაჭრა კორუფციის პრობლემა, თუმცა ამჟამად დღის წესრიგში ახალი გამოწვევები დგას როგორც ადმინისტრირების, ისე ფორმატის თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მოდელი კვლავ განაგრძობს ფორმაციას. რა სახეს მიიღებს ის მომავალში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. თუმცა უდავოა, რომ ის განახლებასა და დახვეწას საჭიროებს. 

კომენტარები