დიდი ბრიტანეთი

Barclays-ის პრეზიდენტმა ბანკის ირგვლივ განვითარებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა

ბრიტანული ბანკის Barclays - ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დაიმონდმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, იგი დაუყოვნებლივ ტოვებს თანამდებობას.

BBC-ის ინფორმაციით, ბანკის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება გასულ კვირაში აგორებულ სკანდალს უკავშირდება, როდესაც Barclays თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით დაჯარიმდა. ბანკს ჯარიმა სხვადასხვა საბანკო მანიპულაციების განხორციელების მცდელობისთვის დაეკისრა.

ბობ დაიმონდმა თანამდებობის დატოვებისას განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯით იგი შეეცდება, შეამციროს ის ზარალი, რომელიც შესაძლოა კომპანიის რეპუტაციას მიადგეს.

ცოტა ხნის წინ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება Barclays - ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მარკუს ეიჯიუსმაც გააკეთა.

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ბანკის წამომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

 

კომენტარები