დაპატიმრება

შპს კრისტალის ხელმძღვანელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს კრისტალის ხელმძღვანელს, ლევან დათუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება- პატიმრობა შეუფარდა.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესსზე, ლევან დათუაშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ლილოს ტერიტორიაზე ავზიდან ქლორის გაჟონვაში დათუაშვილი დამნაშავე არ არის, რადგან აღნიშნული ავზი შპს კრისტალს არ ეკუთვნოდა. ლევან დათუაშვილმა მისთვის არასაპატიმრო სასჯელის შეფარდება, გირაოს გადახდის დაკისრება მოითხოვა, იმ პირობით, რომ ათ დღეში 5 ათას ლარს გადაიხდიდა.

სასამართლომ დაცვის მხარისა და ბრალდებულის მოთხოვნები არ გაითვალისწინა და პროკურატურის მოთხოვნა - ლევან დათუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ლევან დათუაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაპატიმრებით თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე შეექმნება, რადგან შპს კრისტალი ,,ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ქლორით ამარაგებს წყლის კომპანიებს’’.

შპს კრისტალის ხელმძღვანელი ლევან დათუაშვილი, ლილოს ტერიტორიაზე ავზიდან ქლორის გაჟონვის და შედეგად ათობით ადამიანის მოწამვლის გამო, 4 ივლისს დააკავეს.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც გარემოსთვის საშიშ ნივთიერებებთან მუშაობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შემდეგი სასამართლო პროცესი ლევან დათუაშვილის საქმეზე 27 აგვისტოს არის დანიშნული. 

კომენტარები