ბროკოლი კომბოსტოსებრთა ოჯახის თვალსაჩინო წარმომადგენელია. Brassica oleracea-ს ეს სახეობა საკვებად ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან გამოიყენება და აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბროკოლის ხშირად შეხვდებით საოჯახო ჟურნალებში, თუმცა მისი პოლიტიკური მხარით ამერიკული მედია ბოლო დროს დაინტერესდა.
აქვს თუ არა აშშ-ის ფედერალურ მთავრობას უფლება, მოქალაქეებს ბროკოლის შეძენა აიძულოს? მსგავსი ცინიკური შედარების წყარო Obamacare-ის სახელით ცნობილი ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი გახდა, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენას ავალდებულებს. კითხვაზე, – სად გადის ზღვარი სახელმწიფო ლეგიტიმურ იძულებასა და ინდივიდუალურ თავისუფლებას შორის, – ამერიკელები პასუხს სასამართლოსგან თითქმის ორი წლის მანძილზე ელოდნენ.
Obamacare-ის საქმეზე, „დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაცია სებელიუსის წინააღმდეგ”, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 28 ივნისს გამოიტანა. სასამართლო პროცესი მნიშვნელოვნად გასცდა ჯანდაცვის სფეროს და აშშ-ის სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძვლებს შეეხო. ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის კონსტიტუციურად ცნობით, სასამართლომ ამერიკული ფედერალიზმის ახლებური განმარტება დაამკვიდრა, რითაც, გარკვეულწილად, ორივე პარტია გაანაწყენა.
აშშ-ის სახელმწიფოებრივი მოწყობა 1787 წელს მიღებულ კონსტიტუციას ეფუძნება, რომელიც ცენტრალურ მმართველობას ზღუდავს და სამოქალაქო თავისუფლებას განამტკიცებს. ფედერალურ მთავრობას მკაცრად შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს. მას მხოლოდ იმ სფეროებში შეუძლია ჩაერიოს, რაც ძირითად კანონში პირდაპირაა გაწერილი.
კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირება, გადასახადების დაწესება და მისთვის პირდაპირ მინიჭებული უფლებამოსილებების შესასრულებლად სხვა საჭირო და აუცილებელი კანონების მიღებაა. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტა, რომელიც კონსტიტუციით ფედერალური მთავრობის კომპეტენციას არა მიეკუთვნება, შტატებისა და ხალხის პრეროგატივაა.
ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ამერიკული კონსტიტუცია დუმს. აქედან გამომდინარე, ობამას ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ფედერალურ მთავრობას ამ სფეროში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. მომხრეები კი შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების უფლებამოსილებაზე მიუთითებდნენ და დაზღვევის შესახებ კანონს ამ ნორმაზე აფუძნებდნენ.
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჯონ რობერტსის თავმჯდომარეობით, ორივე მხარის არგუმენტები უარყო, თუმცა საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი მაინც ძალაში დატოვა. ოღონდ მის გასამართლებლად სულ სხვა კონსტიტუციური საფუძველი გამოიყენა, რაზედაც აქამდე ყურადღება არც მომხრეებს და არც მოწინააღმდეგეებს გაუმახვილებიათ.
მოსამართლეთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ კონგრესს შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როცა კომერციული აქტივობა უკვე სახეზეა. ანუ, ფედერალური კანონი შეიძლება შეეხოს მხოლოდ მათ, ვინც უკვე შევიდა ნებაყოფლობით ურთიერთობებში – ამ შემთხვევაში – იყიდა დაზღვევა.
უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირება არ აძლევს კანონმდებელს უფლებამოსილებას აიძულოს მოქალაქეები, ჩაერთონ ვაჭრობაში, ანუ, ამ შემთხვევაში – შეიძინონ დაზღვევა. კონსტიტუციის ასეთი ფართო განმარტება არსებითად ეწინააღმდეგება სამოქალაქო თავისუფლების იდეას და თავდაყირა აყენებს ფედერალური მმართველობის ამერიკულ იდეას.
ამერიკული ფედერალიზმი, ისტორიულად, ცენტრალური მთავრობის უკიდურესად შეზღუდულ როლს და შტატების ძლიერ მმართველობას განამტკიცებდა. შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების ნორმა მე-19 საუკუნის მანძილზე თავისუფალი ვაჭრობის და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის გარანტიას წარმოადგენდა.
დიდი დეპრესიის შემდეგ, ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობისას, ყველაფერი შეიცვალა. რუზველტის ახალი კურსის ფარგლებში, ცენტრალურმა მთავრობამ არა მარტო შტატების, არამედ კერძო სექტორის საქმეებშიც უხეში ჩარევა დაიწყო. ამის კონსტიტუციური საფუძველი შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულირების ნორმის ახლებური, უკიდურესად ფართო ინტერპრეტაცია გახდა.
საკვანძო პრეცედენტი „ვიკარდი ფილბერნის წინააღმდეგ” საქმემ შექმნა, როცა სასამართლომ ფერმერის მიერ თავის ნაკვეთზე საკუთარი მოხმარებისათვის ხორბლის მოყვანა შტატთაშორისი ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან საკითხად ჩაითვალა და ფედერალურ მთავრობას მისი რეგულაციის უფლებამოსილება დაუკანონა.
მას შემდეგ უკვე არა ერთი ათეული წელია, რაც ამ ერთი შეხედვით უწყინარი კონსტიტუციური ნორმის ფართო ინტერპრეტაციის საფუძველზე ამერიკელი მემარცხენეები ფედერალური მთავრობის როლის გაძლიერებას და კერძო სექტორზე სახელმწიფო რეგულაციის ზრდას ესწრაფვიან. ამდენად, Obamacare-ის საქმეზე რობერტსის სასამართლოს მიერ სადავო ნორმის ვიწრო განმარტება მათთვის დიდი დარტყმა იყო.
კონსერვატორები ვიკარდის პრეცედენტს სასამართლო აქტივიზმის კლასიკურ მაგალითად მიიჩნევენ და დიდი ხანია მის შეცვლას ცდილობენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლომ კონსტიტუციის ტექსტი ზუსტად ისე უნდა განმარტოს, როგორც ეს მის ავტორებს მე-18 საუკუნის ბოლოს ესმოდათ. ისტორია ცხადყოფს, რომ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შტატთაშორისი ვაჭრობა ამერიკელ მოსამართლეებს ძალიან ვიწრო და პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდათ და ასეთად მხოლოდ ისეთ შემთხვევას მიიჩნევდნენ, როცა კომერციული გარიგების ფარგლებში ადამიანი ან საქონელი შტატის საზღვრებს კვეთდა.
ვიკარდის შემთხვევაში კი არათუ შტატის საზღვრების გადაკვეთას არ ჰქონდა ადგილი, არამედ არც სავაჭრო გარიგების ფაქტს. მაგრამ, პროგრესისტმა მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ თუნდაც საკუთარი მოხმარებისათვის რაიმე საქონლის წარმოება ირიბ გავლენას ახდენდა შტატთაშორის ვაჭრობაზე. Obamacare-ის შემთხვევაში ვაჭრობის ცნების კიდევ უფრო გაფართოება ხდებოდა.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი ყველა მოქალაქეს ავალდებულებს, შეიძინონ ჯანმრთელობის დაზღვევა. გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებზე დაიშვება, ვინც დაზღვევის შეძენას რელიგიური მოტივებით ან ფინანსური პრობლემების გამო არიდებს თავს.
ამერიკელების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე დაზღვევას დამსაქმებლისგან ან სახელმწიფოსგან იღებდა, ხოლო გარკვეული კატეგორია (მაგალითად, ჯანმრთელი ახალგაზრდები) ინდივიდუალურ დაზღვევას საერთოდ არ იყენებდა. ახალი კანონის მიხედვით, ასეთი შესაძლებლობა აღარ იარსებებს: მათ, ვინც დაზღვევის შეძენაზე უარს იტყვის, სახელმწიფოსთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ინდივიდუალური მანდატის სახელით ცნობილი კანონის ეს დებულება მოქალაქეთა არჩევანის თავისუფლებას არსებითად ზღუდავს და ფედერალურ მთავრობას მოქალაქეებზე ზრუნვის განუზომელ თავისუფლებას აძლევს. ეს კი, კონსერვატორების აზრით, დემოკრატიის ამერიკულ გაგებას საფუძველშივე ეწინააღმდეგება.
ამგვარი პრეცედენტის დაკანონებით, ამტკიცებდნენ კანონის მოწინააღმდეგეები, მთავრობას გაუჩნდებოდა უფლება ეიძულებინა მოქალაქეები, ეყიდათ არა მარტო დაზღვევა, არამედ მაგალითად ბროკოლი – ის ხომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, გაკოტრებული კომპანიის აქციები – ეკონომიკის გაჯანსაღებაზე ზრუნვაც ხომ საჭიროა, ელექტრომობილი – ინოვაციებს ხელშეწყობა სჭირდება, თანაც გარემოსთვის ნაკლები ზიანი მოაქვს, და ასე შემდეგ და ამდაგვარად. ამ სიის განვრცობა უსასრულოდ შეიძლება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სახელმწიფოს ურჩი პირების სისხლის სამართლებრივი დევნის კანონიერი უფლება ექნებოდა.
სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნულმა ასოციაციამ და 26-მა შტატმა აქტის კონსტიტუციურობა ამოქმედებისთანავე დააყენა ეჭვქვეშ და მის გასაუქმებლად სასამართლო პროცესი წამოიწყო.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ობამა და დემოკრატები უშედეგოდ ცდილობდნენ სასამართლო დაერწმუნებინათ, კიდევ უფრო გაეფართოებინა შტატთაშორისი ვაჭრობის ცნების ინტერპრეტაცია. თუმცა ჯონ რობერტსმა არც მათი ოპონენტების იმედები გაამართლა. 4 მემარცხენე ორიენტაციის მოსამართლესთან ერთად, ამერიკის მთავარმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა ინდივიდუალური მანდატის კონსტიტუციურად აღიარებას. ოღონდ, მის გასამართლებლად სულ სხვა საკონსტიტუციო ნორმა გამოიყენა, რომელიც კონგრესს გადასახადის დაწესების უფლებას აძლევს.
ამერიკელები რამდენიმე სხვადასხვა სახის გადასახადს იხდიან და ყოველი მათგანი გარკვეულ ეკონომიკურ აქტივობას (შემოსავლის მიღება, ქონების ფლობა) ეფუძნება. ახალი გადაწყვეტილებიდან კი გამომდინარეობს, რომ კონგრესი გადასახადს აწესებს ეკონომიკური უმოქმედობის – დაზღვევის შეძენაზე უარის თქმისთვის. შედეგად გამოდის, რომ მოქალაქეები საშემოსავლო სამსახურს გარკვეულ თანხას უბრალოდ არსებობისთვის გადაუხდიან: უკვე არსებულ სიკვდილის გადასახადს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, სიცოცხლის გადასახადი დაემატა.
გადასახადების დაწესების უფლების ასეთი ფართო განმარტებით რობერტსის სასამართლომ გაამართლა ის, რასაც შტატთაშორისი ვაჭრობის შემთხვევაში უპირისპირდებოდა – სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლება. Obamacare-ის შესახებ გადაწყვეტილებამ შეცვალა ფუნდამენტური პრინციპი, რის მიხედვითაც მთავრობას უმოქმედობის არც რეგულირების და არც დაბეგვრის უფლება არ აქვს. შტატთაშორისი ვაჭრობის რეგულაციის შეზღუდვით უარყოფილი პატერნალისტური სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლება, უმოქმედობაზე გადასახადის დაწესებით, უკან დაბრუნდა.
მიუხედავად ამისა, სასამართლოს ინტერპრეტაციას ობამასეული მიდგომისგან ერთი მნიშვნელოვანი დეტალი განასხვავებს: შტატთაშორისი ვაჭრობის წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო დაზღვევის არქონის გამო გადასახადისთვის თავის არიდება მხოლოდ ფინანსურ სანქციებს გამოიწვევს. ეს კი ფედერალურ მთავრობას მოქალაქეების იძულების ნაკლებ ბერკეტს უტოვებს.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტის ასეთი ინტერპრეტაცია ობამას ადმინისტრაციისთვის დიდი დარტყმაა. ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო კამპანიისას ობამა საშუალო კლასის ინტერესების დამცველად გამოდიოდა და პირობას დებდა, რომ მათ გადასახადებს არცერთ შემთხვევაში არ გაუზრდიდა. რეალურად კი სრულიად საპირისპირო სურათი შეიქმნა: ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტიდან გამომდინარე, ხარჯების 75% სწორედ საშუალო კლასს დააწვება. საშუალო შეძლების 3 მილიონამდე ამერიკელს, ობამას საარჩევნო დაპირების მიუხედავად, გადასახადი ეზრდება.
რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ნოემბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, მსგავს დაუსაბუთებელ გადასახადს აუცილებლად გააუქმებენ. მიუხედავად იმისა, რომ Obamacare-ის ძირითადი ნაწილი ჯერ ძალაში არ შესულა, ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მან 2010 წლიდან, ანუ ძალაში შესვლისთანავე მოახდინა.
კერძოდ, კანონის მიხედვით, კომპანიებს, რომლებიც 50 ან მეტ ადამიანს ასაქმებენ, თანამშრომელთა უპირობო დაზღვევა დაევალათ. დამატებითმა ხარჯმა მცირე ბიზნესს გაფართოების და სამუშაო ადგილების შექმნის მოტივაცია დაუკარგა. სხვა მიზეზებთან ერთად, ამ გარემოებამ განაპირობა ის, რომ 41 თვეზე მეტი დროის მანძილზე უმუშევრობა 8%-ზე ქვევით არ ჩამოსულა.
Obamacare-ის პოპულარობას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს გადაწყვეტილების მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილიც: სასამართლომ უარყო ღარიბების სახელმწიფო დაზღვევაზე მიმართული პროგრამა Medicaid-ის რეფორმა. შტატებს, რომლებიც Medicaid-ის გაფართოებაზე უარს იტყოდნენ, Obamacare-ი მკაცრ ფინანსურ სანქციებს უწესებდა. სასამართლომ ფინანსური იძულება ანტიკონსტიტუციურად ცნო და შტატებს არჩევანის თავისუფლება დაუტოვა, თავად გადაწყვიტონ, გააფართოონ თუ არა Medicaid-ი.
არადა, Obamacare-ის ამოქმედებით გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების ამოღება სწორედ შტატების სავალდებულო მონაწილეობით იგეგმებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი შტატების ძალაუფლებაზე ორიენტირებული კონსერვატორების გამარჯვებად მიიჩნევა.
გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან ინტენსიურად საუბრობენ სასამართლოს თავმჯდომარის – ჯონ რობერტსის როლზე. გაირკვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავდაპირველად ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტს არაკონსტიტუციურად თვლიდა. მიუხედავად ამისა, შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და მეხუთე გადამწყვეტი ხმით კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა დაადგინა.
რობერტსი თანამდებობაზე 2005 წელს ჯორჯ ბუშმა წარადგინა, შესაბამისად, მას უზენაეს სასამართლოში კონსერვატორების ხმად მიიჩნევდნენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რობერტსს ბევრი აკრიტიკებს პასიურობის გამო. კონსერვატორები თვლიან, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უბრალოდ ვერ გარისკა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა, შეეშინდა და უკან დაიხია.