უბედური შემთხვევა

შსს და სახელმწიფო დაცვის სამსახური რუისის ავტოავარიის შესახებ

შინაგან საქმეთა სამონისტრომ 30 ივლისს საღამოს ინციდენტის დეტალების შესახებ განცხადება გაავრცელა. ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი - ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის 95-ე კილომეტრზე, სოფელ რუისთან,  ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, ავტომობილმა ოპელ ასტრამ სახელმწიფო ნომრით DRD-837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს შკოდა სკაუტს სახელმწიფო ნომრით SSP-043 შეეჯახა. ოპელ ასტრას მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემთხვევის შედეგად სულ სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამასთან, როგორც სააგენტო news.ge-ს სახელმწიფო დაცვის სამსახურში განუცხადეს, სახელმწიფო დაცვის ავტომანქანა ავარიის მომენტში არ იყო კორტეჟის შემადგენლობაში, არ ახლდა დასაცავი პირი და მარტო მოძრაობდა.

 

კომენტარები