ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა პირველ სექტემბერს წინასაარჩევნო ყრილობებს გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირველ სექტემბერს წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაიწყებს და საქართველოს 11 ქალაქში ყრილობას გამართავს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, თითოეულ ქალაქში საარჩევნო ყრილობაში შესაბამისი რეგიონის პარტიის შტაბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. მისი განცხადებით, პარტიის ლიდერები საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამას - "მეტი სარგებელი ხალხს" გააცნობენ.

”პარტიის ლიდერები საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ როგორ გეგმავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი ხალხის დასაქმებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სოფლის გაძლიერებას. ნაციონალური მოძრაობა იწვევს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებენ და მოუწოდებს მათ, პირველ სექტემბერს პარტიის საარჩევნო ყრილობის ფარგლებში გამართულ თითოეულ ღონისძიებას მონიტორინგი გაუწიონ.” - აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, ყრილობისთვის ყველა ხარჯი გაღებული იქნება საარჩევნო ფონდიდან და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.

ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო ყრილობას ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავში, ამბროლაურსა და თბილისში გამართავს.

 

კომენტარები