საქართველო–ნატო

მიხეილ სააკაშვილს და ანდერს ფოგ რასმუსენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში გამართულ არჩევნებზე ისაუბრეს.

„ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, დღეს საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ისტორიული მომენტია. ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა მიულოცა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და საქართველოს ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ეძლევა.“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ანდერს ფოგ რასმუსენმა სატელეფონო საუბრისას აგრეთვე, მწუხარება გამოთქვა ავღანეთში საბრძოლო ამოცანის შესრულებისას ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

 

კომენტარები