დაჭერები

გიგი უგულავა: ხიზანიშვილის საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, პრემიერი ივანიშვილი ცდილობს კოლეგებს ნამუსი მოწმინდოს და დაუმტკიცოს, რომ მათ არ უსმენს - ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, შოთა ხიზანიშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

"თვითონ საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული. როგორც სჩანს, ის ცდილობს, ნამუსი მოიწმინდოს და თავის კოლეგებს დაუმტკიცოს, რომ ის მათ არ უსმენს. მე მის კოლეგებს მინდა, შევახსენო, Google-ში მოძებნონ "რასიისკი კრედიტი" და ნახავენ უამრავ მაგალითს, რომ მისი მართვის მეთოდი იყო მოსმენა, ერთმანეთის ჩაშვება და თანამშრომლების კინკლაობა. დღეს ის პრემიერ-მინისტრია, ამიტომ ცდილობს, ნამუსი მოიწმინდოს, თუმცა საქმე არსებითად განხილვაში, ალბათ, 2-3 თვეში წავა.“

მისი თქმით ხიზანიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა, ხოლო სასამართლომ ზეწოლას ვერ გაუძლო: „ყველამ კარგად იცის და ჟურნალისტებმა მათ შორის, რომ ის არანაირ ოპერატიულ საქმიანობას სამინისტროში არ აწარმოებდა, მისი საქმიანობა არ ითვალისწინებდა ოპერატიულ მუშაობას, აქედან გამომდინარე, ყველა ბრალდება მის მიმართ არის შეთითხნილი და მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. მიზანი გასაგებია, ეს უკავშირდება პირადად ვანო მერაბიშვილს, რომლის ადმინისტრაციის უფროსი იყო 7 წლის განმავლობაში; მიკავშირდება ასევე მე, რადგან ჩემი მოადგილეა. ასეთი წარმატებით გააგრძელონ მუშაობა", - განაცხადა უგულავამ.

მერი სოლჟენიცინს გამონათქვამს დაესესხა:  "თეთრგვარდიელებს და რეპრესირებულებს ბოლომდე რომ გამოეყენებინათ თავიანთი უფლება, ბოლომდე სისხლი რომ გაეშროთ ყველა რიგითი ჩეკისტისთვის, რომელიც შუაღამით მიდიოდა და ხალხს იჭერდა, მაშინ ეს რეჟიმი ამდენ ბოროტებას ვერ ჩაიდენდა". აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ლეგალური საშუალება უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის შევარცხვინოთ ყველა პოლიციელი, რომელმაც 90-იანი წლების პრაქტიკა აღადგინა. უნდა მივმართოთ ყველა ხერხს, რომ ამ ახლად გამომცხვარ ჩეკისტებს არ მივცეთ შესაძლებლობა ქვეყანა დაანგრიონ", - აღნიშნა უგულავამ.

 

კომენტარები