მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში

ახალ მთავრობას 2014 წლის ადგილობრივ და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შანსი არ აქვს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

"იმ ხალხმა, ვინც ძალიან ჩქარობს, კარგად იცის ერთი რამ, რომ 2014 წელს მათ შანსი არ ექნებათ. უფრო მეტსაც გეტყვით, 2013 წლის ბოლოსაც არ აქვთ მათ შანსი, ამიტომაც არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვარ. მინდა ვთქვა, რომ ბოლომდე თქვენთან ერთად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველომ განვითარება არ გააჩეროს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელსაა დანიშნული, შესაბამისად, არავის აქვს უფლება ამ ინსტიტუტს მანამდე შეეხოს.

პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის ქუთაისში დატოვების აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში, რადგან ეს არის კარგი თბილისისთვის, ქუთაისისა და საქართველოსთვის".

მისი შეფასებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების რიტორიკის გამო ბევრი პროექტი შეჩერდა.

"იმის გამო, რომ დღევანდელი რიტორიკით პარლამენტი არ უნდა დარჩეს აქ, ბევრი პროექტი, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირების შენარჩუნებას უკავშირდებოდა, დარჩა შეუსრულებელი. შეჩერდა პროქტი, რომელიც წყალტუბოს განვითარებას ეხებოდა - წყალტუბოში 2 ოქტომბერს გაჩერდა ძირითადად სამუშაოები. დარჩა შეუსრულებელი პროექტი, რომელიც ეხებოდა სასტუმროს აშენებას პარლამენტის წინ, გაჩერდა რამდენიმე ახალი ტურისტული ობიექტი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები