შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს გურამ დონაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა, რის შემდეგაც ის გათავისუფლდება. დონაძე სამართალდამცავებმა აჭარაში, საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააპატიმრეს. ის საქართველოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალის წაყენების შემდეგ დაბრუნდა.შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო.
ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ნებით დაბრუნდა ქვეყანაში და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"მე მივატოვე ჩემი პირადი საქმეები, სასწრაფო წესით წამოვედი, არ ვაპირებ დავემალო გამოძიებას. ვაპირებ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. ვაპირებ თანამშრომლობას. არსად არ გავქცეულვარ. ბოლო პერიოდში არაერთხელ დავაფიქსირე ეს პოზიცია. ბრალის დეტალები ჯერ ბოლომდე არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის რომ პროკურატურამ წამიყენა ბრალი და ვდებ პირობას, რომ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. არანაირ კითხვაზე პასუხს გაუცემელს არ დავტოვებ. ვდებ იმის პირობას, რომ ვეცდები დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა. დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში, ერთხელ და სამუდამოდ ვდებ პირობას, რომ საზოგადოება ამ საქმესთან დაკავშირებით, გაიგებს სრულ სიმართლეს"– განაცხადა გურამ დონაძემ რუსთავი 2–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.