სააკაშვილის და უსუფაშვილის შეხვედრა

უსუფაშვილი: პრეზიდენტთან შეხვედრისგან პროგრესს ველი

დღეს, 11 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტსა და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება. უსუფაშვილის თქმით, დაგეგმილი შეხვედრიდან ის პროგრესს ელოდება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელმაც "ყველა სხვა მიმართულებით გზა უნდა გახსნას".

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტთან და მის გუნდთან დიალოგისთვის მზად არის. 

"ბოლო დღეებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებში პოზიტიური მოვლენები შეინიშნება. მას გარკვეული ინიციატივებიც ჰქონდა კონსტიტუციური ურთიერთობებისთვის და ჩვენ ყოველთვის დიალოგისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა. 
მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტისთვის ცნობილია თავად მათი პოზიციები, თუ რა თანმიმდევრობით უნდა იარონ და რა არის მმართველი გუნდისთვის სადღეისოდ მნიშვნელოვანი. 
"ამ შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც აინტერესებთ პრეზიდენტს და მის გუნდს. ამასობაში ჩვენ ველით პროგრესს იმ ცენტრალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს და რომელმაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით", - დასძინა დავით უსუფაშვილმა. 

კომენტარები