სააკაშვილის და უსუფაშვილის შეხვედრა

პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური პროცესების პარლამენტში დაბრუნებაზე შეთანხმდნენ

ავლაბრის რეზიდენციაში შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმცირესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს. 

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დისკუსიამ პარლამენტის კედლებში უნდა გადაინაცვლოს. მისი თქმით, ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია. 

"დღეს ჩვენ გვქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და უმცირესობის ლიდერთან. უკიდურესად შეშფოთებული ვარ, რაც მოხდა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორაზე, როცა ადგილი ჰქონდა მასობრივ ეგზეკუციას ციხიდან გამოსულ კრიმინალთა ბანდის მიერ და არა ხალხის მიერ ოპოზიციის მიმართ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ დისკუსიამ გადაინაცვლოს პარლამენტის კედლებში და არა ქუჩებში. ქუჩებში ჩხუბიდან ბევრად უფრო კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია და ჩვენ აღარასდროს უნდა მივიდეთ ასეთ ზღვარზე, სადაც საქართველო 90-იან წლებში იყო. ეს იყო ჩვენი პრინციპული მოსაზრება და ბატონი დავითი იზიარებს ჩვენს შეშფოთებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ამ შეფასებას უსუფაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ "კრიმინალთა ბრბო არ დაუნახავს". პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ უსუფაშვილმა ხაზაგასმით აღნიშნა, რომ მან ხელი პარლამენტში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას მოაწერა, ხოლო ის, რაზეც შეთანხმდნენ, ისაა, რომ მსგავს ინციდენტს ქვეყანაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. 

"ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, რაზეც პრეზიდენტმა დასაწყისში ისაუბრა - ჩვენ ამაზე არ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. იმ აქტით, რომელსაც ხელი მოვაწერე, თავისუფლება მიიღეს სწორედ პოლიტიკურმა პატიმრებმა და დევნილებმა. საჯარო ბიბლიოთეკასთან კრიმინალთა ბრბო არ დამინახავს. იქ იყო შეკრებული ხალხი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა და ამ დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს. რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ მსგავსი მოვლენები ქვეყანას არ წაადგება, ვისი მიზეზითაც არ უნდა იყოს ის დაგეგმილი, პროვოცირებული, თუ ბოლომდე ყურადღება ვერმიქცეული. ამიტომ სწორია პოლიტიკური პროცესის სწორედ პარლამენტში გადატანა", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

კომენტარები