დაკითხვა

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, საქმე სოციალური მომსახურების სააგენტოში 21 ათასზე მეტი მოქალაქის ფიქტიურად დასაქმების საკითხს ეხება.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, 2012 წლის 5 ივლისს მთავრობის დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, რომელიც სამსახურის მაძიებელთა მონაცემთა ბაზის შექმნას ითვალისწინებდა, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიცა ბრძანება და კონტრაქტები გაუფორმდა 21 837 პირს, ''რომლებსაც უნდა შეესრულებინათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებით სააღრიცხვო საქმიანობა''. 

''როგორც გამოძიებით გაირკვა, 21 837 პირს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მიუღიათ. მათ არც რაიმე ტრენინგი ჩატარებიათ და არ გადასცემიათ კითხვარები, რომელიც პროგრამის ფარგლებში უნდა შევსებულიყო. მიუხედავად ამისა, სექტემბერში ყველა მათგანს ლიბერთი ბანკის შესაბამის ფილიალებში ხელფასის სახით დაერიცხათ 240 ლარი. სულ ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხულია 5 240 880 ლარი. საქართველოს ყველა რაიონში მოწმის სახით დაიკითხა 2 ათასზე მეტი პირი, რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 21 837 მოქალაქეს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ფარგლებში არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია და მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაწეული აქტიური მხარდაჭერისთვის", - განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე ხვალ, 14:00 საათზე, ხოლო ვანო მერაბიშვილი 16:00 საათზეა დაბარებული. 

კომენტარები