დაკითხვა

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ღამით მოდულის შენობაში დაკითხეს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ ბაზაძე გუშინ ღამით მოდულის შენობაში დაკითხეს. ბაზაძე ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში შესყიდვების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის დასაკითხად მაშინ გადაიყვანეს, როცა საცოლესთან ერთად ქალაქში გადაადგილდებოდა. თუმცა რასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები, უცნობია. ბაზაძის ახლობლების თქმით, ეს მისი დაკითხვის პირველი შემთხვევა არ არის.

ცნობისთვის, წუხელ ღამე, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა და ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ოთარ ბაზაძე გაიტაცეს. ნადარეიშვილმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, მისი თქმით, გამტაცებელთა ავტომანქანის ნომერია ასახული (LLK 073). 

"გატაცებულია თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი ოთო ბაზაძე, გუდვილის მიდამოებიდან დიღომში. ადრე ის უკვე ჰყავდათ დაკავებული და ბრალდებების უსაფუძვლობის გამო, საპროცესოთი გაუშვეს. გადაღებულია მანქანა, რომლითაც ბაზაძე გაიტაცეს. პოლიცია ყურადღებას არ აქცევს შეტყობინებას", - აცხადებდა ნუგზარ წიკლაური.

კომენტარები