ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკო: 2 მილიონ მოქალაქეს სამედიცინო მომსახურება 100%-ით დაეფარება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განმარტა, რომ თებერვლის ბოლოს მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდება.
სერგეენკომ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ 2 მილიონი მოქალაქის სამედიცინო მომსახურება 100%-ით იქნება უზრუნველყოფილი. მინისტრის თქმით, ამისთვის საჭირო თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში 1 თებერვლიდან ჩაიდო, თუმცა, სამუშაოების დიდი მასშტაბის გამო პროცესი გაჭიანურდა. ამჟამად ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია.  მისი თქმით, ეს პროექტი შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე არანაირი სადაზღვეო პაკეტით არ სარგებლობენ. 
სერგეენკომ სოციალური დახმარების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 აპრილიდან 100-დან 125 ლარამდე მოიმატებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება. თუმცა, პრესკონფერენციაზე მინისტრმა ასევე განმარტა, რომ 16 ათასზე მეტ მოქალაქეს სოციალური დახმარება საერთდ შეუჩერდა. სერგეენკო ამ გადაწყვეტილების მიზეზად სამინისტროს მიერ ჩატარებულ შემოწმებას ასახელებს. მისი თქმით, ყველა მათგანს მაღალი შემოსავლები, ძვირადღირებული მანქანები ან ქონება აღმოაჩნდა.

კომენტარები