ვიზიტი

სააკაშვილი: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მთავრობის დემოკრატიული სისტემა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ათენში ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრო. მან მონაწილეობა მიიღო სხდომაში „აღმოსავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება“ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა – აღნიშნული ინფორმაცია, ვიდეომასალასთან ერთად,  სააკაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდით გავრცელდა. 
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის, რაც საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა და მოვლენები, რომლებიც მოლდოვაში განვითარდა (მოლდოვის პარლამენტმა მიმდინარე კვირას პრემიერმინისტრ ვლად ფილატის პროდასავლური მთავრობა დაითხოვა), „აშკარა უკანდახევაა“ ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციისთვის. მან ისიც აღნიშნა, რომ ისევე როგორც ოქტომბრის არჩევნების დროს საქართველოში, მოლდოვის პოლიტიკაშიც შევიდა „დიდი ფული“ „იმავე მიზნით – ბალანსის დასარღვევად“.
„აშკარაა, რომ ცდილობენ პარტნიორობის სხვა წევრ ქვეყნებშიც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შერყევას, მაგალითად, აზერბაიჯანში... ეს მოკლევადიან პერსპექტივაში სირთულეებს უქმნის პროევროპულ ძალებს ამ ქვეყნებში, მაგრამ მე ვრჩები ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი ქვეყნების გრძელვადიანი მომავლის მიმართ. მხოლოდ განცხადებების კეთება არ არის საკმარისი. ამ ქვეყნებში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მთავრობის დემოკრატიული სისტემა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კომენტარები