ვიზიტი ამერიკაში

უსუფაშვილი: საქართველო დასავლეთისთვის სანდო პარტნიორად რჩება

"ახალი მთავრობა შექმნის სამართლიან კონკურენციას და მთავრობის შემდგომი ცვლილებები აღარ იქნება მოულოდნელობა დასავლეთისთვის", - განაცხადა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კარნეგის ცენტრში სტუმრობისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

"ჩვენ შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ სამართლიანი კონკურენციის სტანდარტები, რის შემდეგაც ხელისუფლების ნებისმიერი ცვლილება აღარ იქნება სიურპრიზი დემოკრატიული ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები კარგია, მაგრამ ამავდროულად სირცხვილიც - როცა ოპოზიციის დამარცხებული ლიდერი ცნობს მარცხს, ეს 21-ე საუკუნეში ნორმალური მოვლენაა. ჩვენც დავმარცხდებით ოდესმე, თუმცა, რაც უფრო გვიან, მით - უკეთესია. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წინ რთული სამუშაო გველოდება. ჩვენ არ ვიქნებით სააკაშვილის იერარქიული სტრუქტურის მსგავსად - ალბათ ვერ მივიღებთ ახალი ქალაქის მშენებლობის გადაწყვეტილებებს 5 წუთში, მეტი დრო დაგვჭირდება. დღეს გვაქვს შეგრძნება, რომ მეგობრებს შორის ვართ. როცა კრიტიკულ შეკითხვებს ვიღებთ, ვიცით, რომ ის ჩვენი მეგობრებისგან არის და მოვუწოდებთ ყველას, იყვნენ კრიტიკულნი, არ ჩათვალონ ისე, როგორც 2003-2004 წლებში, რომ ხელისუფლებაში შესაფერისი ხალხი მოვიდა, საჭიროა უბრალოდ დახმარება და არა - მონიტორინგი. ჩვენ ნამდვილად ვართ შესაფერისი ხალხი, თუმცა გვჭირდება თქვენი დახმარება, კრიტიკა და შეკითხვები. ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენზე", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

უსუფაშვილმა საგარეო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა და მსოფლიოს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა საქართველოს პრიორიტეტია.

"საქართველოს აქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. გვსურს, გავხდეთ საერთაშორისო პროცესების მონაწილე ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, იქ, სადაც უსაფრთხოების საკითხი წყდება. ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ შეგვიძლია, ვიყოთ რაიმე გაერთიანებაში იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ეს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა. პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა თანხმდება, რომ ჩვენ ამ ხაზს ვერ გადავაბიჯებთ. ახალი მთავრობის ინიციატივაა, გამოვნახოთ ის დარჩენილი გზები, რომელიც აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, ვგულისხმობ ვაჭრობას, კულტურას, სპორტს. განვაცხადეთ, რომ საქართველო მიიღებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას. ჩვენი სპორტსმენებისთვის ძალიან რთული იქნება აფხაზეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში ყოფნა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. არ უნდა დავხუროთ კარი მეზობლებთან, მიუხედავად იმისა, თუ რას ვფიქრობთ მასზე. მადლობელი ვართ შეერთებული შტატების, ყველაზე მძიმე პერიოდში დახმარებისთვის, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გვახსოვს გემი, რომელიც მაშინ შავ ზღვაში შემოვიდა. ჩვენ ვრჩებით სანდო პარტნიორად", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 

კომენტარები