ვიზიტი ამერიკაში

სააკაშვილი: ჩვენ ახლაც ძალიან გვჭირდება ამერიკელების დახმარება

საქართველოს პრეზიდენტის facebook-ის გვერდი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონში ამერიკის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობით შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაცის პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

"საქართველომ, როგორც ამერიკის მოკავშირემ, მოახერხა იმ იდეების გატარება, რასაც ამერიკა ატარებს - თავისუფლებისა და დემოკრატიის. ჩვენ ევროპაში ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი გვაქვს და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ვითვლებით. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ჩვენი ეკონომიკა. ასევე მოვახერხეთ თავისუფალი და დემოკრატიული მოდელის მთავრობის შექმნა, რისი შედეგიც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა, რაც პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ამით ვამაყობ. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ, წლების განმავლობაში გვაქვს კონგრესისა და კონგრესმენების მხარდაჭერა. ჩვენ ახლაც ძალიან გვჭირდება თქვენი, ამერიკელების დახმარება და, პირველ რიგში, ეს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გასაგრძელებლად გვჭირდება. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინ სხვა საკითხებსაც მოვაგვარებთ", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამერიკელი კონგრესმენების წინაშე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. 

"სამწუხაროდ, სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქებისას, 25-ზე მეტი კი დაიჭრა. ჩვენ მანამდეც გვქონდა მსხვერპლი, მაგრამ თავიდანვე მჯეროდა ამ მისიის. მე მჯერა ამ მისიის, რადგან ამერიკის ჩავარდნა კატასტროფა იქნება, პირველ რიგში, ჩვენთვის. ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ შუა აღმოსავლეთთან. ამიტომ ჩვენ გვესმის, რას ნიშნავს ეს მისია, შესაძლოა უფრო მეტად, ვიდრე ევროპის სხვა ქვეეყნებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები