გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელორ ვაჩნაძეს 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ვაჩნაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ციხე, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებული განცხადების შემდეგ მასთან დაკავშირებით, ყველა რეგიონში აჯარიმებენ. ”ხარკს მახდევინებენ”- აცხადებს მელორ ვაჩნაძე.
მისი თქმით, ლაგოდეხში ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის 200 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ დაეკისრა. დაუმორჩილებლობად კი ის ჩაუთვალეს, რომ ოქმს ხელი არ მოაწერა. შსს-ის განცხადებით, ვაჩნაძემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, რის შემდეგაც ის პატრულმა დააკავა.
საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა 18 მარტს განაცხადა, რომ რვა თებერვლის ძალადობის გამო მელორ ვაჩნაძის 15 დღიან პატიმრობას ითხოვდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა ას ლარად გამოუშვა მელორ ვაჩნაძე, იყო პირადად მისთვის შეურაცხყოფა. მისი განცხადებით, თითოეული პოლიციელის მიმართ აღმართული ხელი უმკაცრესად იქნება დასჯილი და ეს პირადად მის მიმართ აღმართული ხელია. საპასუხოდ, ვაჩნაძემ განაცხადა, რომ სირცხვილი ისაა, როდესაც დავით საყვარელიძე და ქალაქ თბილისის მერი კაბინეტებში იკითხებიან.
პოლიტპატიმრის სტატუსით სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ვაჩნაძე ადმინისტრაციული გადაცდომის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2013 წლის 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. თუმცა მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა
მელორ ვაჩნაძემ რუსთავის მე-17 დაწესებულება პარლამენტის მიერ განხორციელებული ამნისტიის შედეგად 13 იანვარს დატოვა. მოძრაობის "შემოგვიერთდი" ლიდერი თაღლითობისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2009 წლიდან იხდიდა სასჯელს.