რეგიონული განვითარების სამინისტრო

რეგიონული განვითარების სამინისტრო ნადირაშვილის საქმიანობის შეფასებას პროკურატურას სთხოვს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის საქმიანობის სამართლებრივ შესწავლას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს. 

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა პოპიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირმა ნადირაშვილი ერთდროულად რამდენიმე შეუთავსებელ თანამდებობას იკავებდა. 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის მიერ 2009 წლის 16 თებერვალს ირმა ნადირაშვილი დაინიშნა  მინისტრის აპარატის მრჩევლის თანამდებობაზე. ამავე მინისტრის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ნადირაშვილი გათავისუფლდა ზემოაღნიშნული თანამდებობიდან", - განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა. 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ, საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის საკონტაქტო ინფორმაციის გრაფაში - სამუშაო გამოცდილება - მითითებულია, რომ ირმა ნადირაშვილი 2008-2009 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში პროგრამა პოსტ-სკრიპტუმის მთავარ პროდიუსერად, ხოლო 2009-2010 წლებში ამავე კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ირმა ნადირაშვილის პირად საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, შესაძლებელია დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ირმა ნადირაშვილი, 2009 წლის 16 თებერვლიდან 2010 წლის 22 აპრილის ჩათვლით იკავებდა სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო მოსამსახურის - მოხელის თანამდებობას და იმავდროულად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის  ნორმათა დარღვევით, ეკავა სხვა თანამდებობა და ასრულებდა ანაზღაურებად საქმიანობას ტელეკომპანია რუსთავი 2-ში", - განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა და აღნიშნა, რომ ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, შესაბამისი მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას წარედგინება.

ამასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმაც.  

"სიცრუეა, რომ მე ვმუშაობდი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად და პარალელურად სამინისტროში. როგორც კი მე გავხდი "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, წამოვედი იმ სამინისტროდან. რომ დამერღვია კანონი, ეს იქნებოდა ადმინისტრაციული სახის. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუქარა, რომ მე პროკურატურაში დამიბარებენ, უსაფუძვლოა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები