Femen

Femen-ი პუტინისა და მერკელის პირისპირ

გერმანიაში, ჰანოვერში გამართულ ინდუსტრიულ გამოფენაზე, სადაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდნენ, Femen-ის აქტივისტებმა მორიგი ხმაურიანი აქცია მოაწყვეს.

პრეზიდენტი და კანცლერი ფოლკსვაგენის სტენდის თვალიერებით იყვნენ გართულნი, როდესაც რამდენიმე აქტივისტი ბარიერს გადაახტა და ლოზუნგების ყვირილი დაიწყო. ანალოგიური ლოზუნგები მათ ტრადიციულად ნახევრად შიშველ სხეულზეც ეწერათ. დაცვის თანამშრომლებმა ფემინისტი აქტივისტები დააკავეს.

მოგვიანებით პუტინმა აღნიშნა, რომ იცოდა Femen-ის გეგმების შესახებ და ეს აქცია მოეწონა.

უკრაინული ფემინისტური მოძრაობის აქტივობები ითვლის ისეთ გახმაურებულ აქციებს, როგორიც იყო რუსეთის პატრიარქ კირილზე თავდასხმა. აქტივისტს შიშველ ზურგზე ეწერა: „მოკალი კირილი“. ჯგუფს აქციები მოწყობილი აქვს პუტინის, გაზპრომის, ასევე უკრაინაში პროსტიტუციის წინააღმდეგ. Femen-ის უკანასკნელი მასშტაბური აქცია „ტოპლეს ჯიჰადის“ სახელით არის ცნობილი. ამ აქციის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა ევროპის სხვადასხვა ქალაქში მდებარე მეჩეთებთან და ტუნისის საელჩოებთან არაბულ ქვეყნებში ქალთა უფლებების დარღვევა გააპროტესტეს.

 

 

კომენტარები