ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვეყნის შეხედულებები 2008 წლის აგვისტოს ომზე საყოველთაოდ ცნობილია.
იუსტიციის მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც წულუკიანმა დაუშვა საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობა, რუბინმა განაცხადა: "უბრალოდ ვიტყოდი, რომ არ მინდა ჩავერიო საქართველოს შიდა პროცესებში. ჩვენი შეხედულებები აგვისტოს ომზე კარგად არის ცნობილი. ჩემი აზრით, ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია".
ერიკ რუბინი საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ერიკ რუბინმა აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე გაიმართება შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მონაწილეობას მიიღებს 12 აპრილს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.