ლაფანყურის ოპერაცია

ალასანია: იმის განცხადების საფუძველი, რომ აქ ტერორისტები მზადდებოდნენ, ჯერ არ გვაქვს

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გადაცემა პოზიციაში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით იგი ვერ ხედავს ნაადრევი დასკვნების გაკეთების აუცილებლობას.
„პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა და პრემიერმინისტრი გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვეს უსაფრთხოებას და თავდაცვას. გამოძიება (ლაფანყურის საქმეზე) მართლაც მიმდინარეობს და პრემიერმაც აღნიშნა და მეც მინდა გავიმეორო, რომ ნაადრევი დასკვნების გაკეთების აუცილებლობას მე ვერ ვხედავ. ჩემ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდონით, რაც მე გამაჩნია, იმ ოპერატიულ ინფრომაციაზე დაყრდნობით, რაც თავდაცვის სამინისტროში არსებობს, ამის (რომ საქართველოში მზადდებოდნენ ტერორისტები) განცხადების საფუძველი ჯერ არ გვაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დაველოდებით გამოძიებას", – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნული გამოძიება არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„მერწმუნეთ ასეთი გამოძიებები სხვა ქვეყნებშიც ტარდება, როდესაც არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ რატომ დაიგეგმა ეს ღონისძიება, ეს სპეციალური ოპერაცია ისე,რომ ასეთი მსხვერპლი მოჰყვა; როგორ აღმოჩნდა ეს უცხოური შეარაღებული ჯგუფი ჩვენ ტერიტორიაზე; რატომ ვერ მოახერხა თავდაცვის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისე დაეგეგმათ კოორდინირებულად ეს სოპერაცია, რომ ასეთი მსხვერპლი არ მოჰყოლოდა; რატომ იყო ძალიან ბევრი დეტალი გასაიდუმლოებული – ეს შეკითხვები არსებობს და ამაზე უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ და შემდეგ ერთობლივად საზოგადოება გააკეთებს დასკვნებს" – აცხადებს ალანასია.
თავდაცვის მინისტრის თქმით ნებისმიერს – იქნება ეს სახალხო დამცველი თუ სხვა – აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი ვარაუდი. თუმცა ალასანია აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფრომაციით, იმის მტკიცების საფუძველი, რომ საქართველოში ტერორისტები მზადდებოდნენ არ არსებობს.

კომენტარები