ლაფანყურის ოპერაცია

ბოკერია: პრემიერის ბრალდება უპასუხისმგებლოა და ეჭვების საფუძველს იძლევა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა პოზიციაში, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რაც ევალებოდა. მან შეაჩერა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას ცდილობდა. ბოკერიამ სახალხო დამცველის მიერ მოყვანილ მტკიცებულებებს "კომიკური" უწოდა.
"მე ვნახე სახალხო დამცველის ე.წ. მოხსენება და დღესაც ვუსმინე მის მიერ წარმოდგენილი ვერსიის ნაწილებს. ეს ვერსია არის აბსურდული სწორედ იმის გამო, რომ ფაქტებით არ არის გამყარებული. ის ჰყვება რაღაც ნარატივს, რომელიც თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მონათხრობს, რომელიც ასევე არასდროს არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტებს, იმის გამო, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობდა. სახალხო დამცველი ასახელებს რაღაც საიდუმლო წყაროებს და ავითარებს თეორიებს. ზოგ შემთხვევაში მოჰყავს აბსოლუტურად კომიკური "მტკიცებულებები" - მათ შორის ერთ-ერთია შეიარაღებული ჯგუფის მონაწილის მონათხრობი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო (მცირე ნაწილი ამ ჯგუფიდან, 3 ადამიანი, საქართველოს მოქალაქე გახლდათ), შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ეს აქვს მოყვანილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უკეთებდა ამას ორგანიზებას. მგონი ყველასთვის ნათელია, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს უფლება შეინახოს იარაღი და ის ვალდებულია დაარეგისტრიროს (ვგულისხმობ შენახვას და არა ტარებას). როდესაც ასეთი მტკიცებულებები გვესმის და დანარჩენი არის რაღაც საიდუმლო წყაროებზე დაყრდნობით მოწოდებული და თითქმის ერთი-ერთზე ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას, ბუნებრივია ჩვენი დამოკიდებულება. მაშინ როცა, ფაქტები რომელიც ჩვენ ყველამ ვიცით, არა მარტო მე, როგორც უშიშრობის საბჭოს მდივანმა მაშინ და დღეს, არამედ ზოგადად, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ადევნებდა თვალყურს - ფაქტები არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფომ, მისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთეს ყველაფერი და ლეგიტიმური ძალის გამოყენებით შეაჩერეს ჯგუფი, რომელიც ცდილობდა საქართველოს ტერიტორიის გავლით გადასულიყო რუსეთის ფედერაციაში. სამწუხაროდ, ამას შეეწირა ჩვენი სამი ოფიცრის სიცოცხლე", - აღნიშნა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა გაიხსენა, რომ ოპერაციის მსვლელობის დროს, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი ლაფანყურის ოპერაციას მწვავედ აკრიტიკებდა. საზოგადოებას მან ოპოზიციაში მყოფი ივანიშვილის ის სიტყვებიც შეახსენა, სადაც მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ამბობდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში შეიარაღებულ ჯგუფს რუსეთში გადასვლის საშუალებას მისცემდა.
"ეს არის თეორიების სროლა, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, მაშინ როდესაც საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენს მოკავშირეებთან ტერორიზმის წინააღნდეგ ბრძოლის კუთხით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთს შემზადებული ჰქონდა ჯერ პროპაგანდისტული აგრესია და შესაძლოა უფრო სერიოზული აგრესიაც საქართველოს წინააღმდეგ. ამ ფონზე გამოდიხარ და ისეთ ბრალდებებს ისვრი, ისეთ ოპერაციაზე, სადაც საქართველომ აღკვეთა ასეთი ფაქტი, არის გაუგებარი, როგორც მინიმუმ, უპასუხისმგებლო და სერიოზული შეშფოთების და ეჭვების საფუძველს იძლევა", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა იმ პრობლემატურ მემკვიდრეობაზეც ისაუბრა, რაც საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით გააჩნდა.
"ვარდების რევოლუციამდე საქართველოს სახელმწიფო იყო სუსტი. ეს იცის ყველამ. ამ ფაქტზე კონსენსუსია. სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა საკუთარ ტერიტორიებს ბევრ ნაწილში - არამარტო დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებში. მაშინ მართლა იყო საფრთხეები, შეიარაღებულ ჯგუფებს ჩვენი ტერიტორია გამოეყენებინათ. თქვენ იცით, რომ ჩვენი ტერიტორია მაშინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიბომბა. შევარდნაძის ხელისუფლებამ მიიღო ის ზომები, რაც შეძლო. ბატონი ალასანია მაშინ ერთ-ერთი მონაწილე იყო ამ ოპერაციის, რომელმაც გააუმჯობესა ვითარება პანკისში. თუმცა, საბოლოოდ, პრობლემის მოგვარება მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფო გაძლიერდა და დამყარდა მართლწესრიგი", - განაცხადა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანმა პრემიერის განცხადებას, თითქოს საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები მომზადებას გადიოდნენ, "საზიანო" უწოდა.
"გამოძიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ისმის ერთი მთავარი კითხვა – ის არის დემოკრატიულად არჩეული პრემიერი, რომლის სიტყვებსაც აქვს დიდი დატვირთვა. მით უფრო, მან გამოთქვა ეჭვები და ვარაუდები. რატომ არ დაელოდა პრემიერი გამოძიების დასრულებას, რატომ უსწრებს მას სიტყვა წინ, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან და სარისკო საკითხში. იქნებ მათივე ვერსიას გამოძიება ვერ ადასტურებს და არ დასტურდება ეს ყველაფერი. მე იმედი მაქვს, რომ არც დადასტურდება, თუ არ მოიგონეს რამე და ფაბრიკაცია არ მოახდინეს. რატომ საუბრობს ამაზე წინასწარ?" – იკითხა ბოკერიამ.
გადაცემა პოზიციაში მან პრემიერის რიტორიკის უკან მდგარ მოტივებზეც ისაუბრა. ბოკერიას თქმით, პრემიერი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ "ეს რუსეთსაც აწყობს, ამით მოხდება მასთან ურთიერთობის დალაგების საქმეში წინსვლა".
"მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უპრინციპობაა, პრაგმატულადაც გულუბრყვილობაა, რადგან თუ რუსეთთან ურთიერთობას იწყებ იმის აღიარებით, რომ შენ ტერორისტებს მფარველობდი აქამდე, ეს ძლიერი კი არა, უსუსტესი პოზიციაა", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები