პრეზიდენტობის კანდიდატი

მარგველაშვილი ჯერ მზად არ არის, საარჩევნო პლატფორმა წარმოადგინოს

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, გიორგი მარგველაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ საარჩევნო პლატფორმის წარმოსადგენად ჯერ მზად არ არის, თუმცა - საარჩევნო კამპანიის ძირითადი ღირებულება საზოგადოებისთვის გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფა იქნება.

"კამპანია თავსებადი იქნება იმ საარჩევნო ღირებულებებთან, რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ხელისუფლებაში ვართ, უკვე რაღც პერიოდი გავიდა, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, შესაბამისად, კამპანიის ძირითადი ღირებულებები იქნება გრძელვადიანი სტაბილურობის უზრუნველყოფა და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ უნდა უზრუნველვყოთ გრძელვადიანი სტაბილურობა ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად განვავითაროთ და ქვეყნის განვითარება, ამ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია, რომ ეკონომიკური ზრდით დაიწყოს. დასტაბილურდეს ის სოციალური პრობლემები, რომელიც წინა ხელისუფლებისგან გვერგო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა, მისი თქმით, 7 თვე ეკონომიკას არ ეყოფა, თუმცა სხვა მხრივ ბევრი რამ შეიცვალა.

"დღეს აღარ ვცხოვრობთ პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც სახემწიფოს პოლიცია მართავს, აღარ არსებობს ის რეჟიმი, რომელიც აპატიმრებდა ადამიანებს, რეჟიმი, რომელსაც მთელი მოსახლეობა ჰყავდა პრობაციონერებად და ბიუჯეტში ფულის შევსების ძირითადი წყარო საპროცესო გარიგებები იყო, ეს დამთავრდა. დამთავრდა მედიაზე კონტროლი, დაიწყო სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტის ფორმირება, როდესაც დაზღვეულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ხელფასები გაიზარდა ჯარში, გაიზარდა პენსია. გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასი, არის უფასო ფაკულტეტები და უფასო წიგნები. ეს შესაძლებელი გახდა არა ბიუჯეტის ზრდით, არამედ არსებულ ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლით. 7 თვის თავზე შენ შეგიძლია უკეთესად დახარჯო ბიუჯეტი, მგრამ ვერ შეძლებ ეკონომიკის გამოსწორებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები