17 მაისის აქცია

ევროკავშირის ელჩები ძალადობით გაოგნებულნი არიან

eeas.europa.eu

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ელჩები აცხადებენ, რომ გაოგნებულნი არიან დღევანდელი ძალადობით თბილისის ქუჩებში და დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის მისიის განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.  

"გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ძალზე სამწუხაროა, რომ მშვიდობიან დემონსტრაციას ძალადობრივი წინააღმდეგობა მოჰყვა საპირისპირო დემონსტრაციის მონაწილეთა მხრიდან. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი. სხვათა აზრის და ცხოვრების წესისადმი შემწყნარებლობა ევროპული და საერთაშორისო ღირებულებების საფუძველია", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითებში კეტრინ ეშტონმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ განცხადებაშიც აღნიშნა.

„ბუნებრივია, ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ დღეს გამოხატვის თავისუფლება ძალადობრივად იქნა აღკვეთილი მეორე მხარეს მყოფი დემონსტრანტების მიერ. იმ ადამიანებს, რომლებმაც ქუჩები გადაკეტეს, ალბათ არ ესმით, რომ მათგან არავინ ითხოვს, მოსწონდეთ ან იზიარებდნენ ამა თუ იმ სახის ქცევას. თუმცა, ცივილიზაციის დღევანდელი სტანდარტით ნორმალურია ის, რომ ადამიანმა შეძლოს ხელშეშლის გარეშე გამოხატოს თავისი თავი ისეთად, როგორიც არის“,  - განაცხადა ელჩმა.

დიპლომატის თქმით, „ძალადობა და სისასტიკე მათ მიმართ, ვინც განსხვავებულად გრძნობს თავს, არ არის ნორმალური. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას სწორედ ეს სტანდარტები და ,,ნორმალურის" ასეთი გაგება. სირცხვილი იქნება, თუკი შეუძლებელი გახდება ამ ვალდებულებების დაცვა".

კომენტარები