17 მაისის აქცია

გეი აქტივისტი: აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი, დამნაშავე სისტემაა

ნიქო გორგილაძე

ბიჭი, რომელსაც გუშინ, 17 მაისის აქციაზე თავს დაესხნენ, ამბობს, რომ დამნაშავე სისტემა, სკოლა, ეკლესია და ოჯახია და თავდამსხმელის მიმართ აგრესია არ აქვს. 

"ამ წამს გამოვედი დაკითხვიდან, მივდივარ სახლში. უკეთ ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა, მწერდა, მირეკავდა. ერთი წამით არ ვნანობ აქციაზე დგომას. მშვიდ მონობას, ასეთი თავისუფლება მირჩევნია. 

უკანასკნელ ამოხდომამდე ვიტყვი, რომ სიყვარული სიყვარულია! 

არანაირი აგრესია არ მაქვს მოძალადე არასრულწლოვანისადმი, დამნაშავეა სისტემა, სკოლა, ეკლესია, ოჯახი, სახელმწიფო. ვისურვებდი, მე და ამ ბიჭს უკეთეს საზოგადოებაში გვეცხოვროს. 

ბოდიში ჩემს ოჯახს"
, - წერს ნიქო გორგილაძე ფეისბუქზე. 

22 წლის ახალგაზრდას 15 წლის მოზარდი თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლას ამთავრებდა - თავდამსხმელმა მას სახეში დაარტყა და გაიქცა. ის პოლიციამ დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყების ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას ცნობით, გამოძიების პროცესში დისკრიმინაციის მოტივიც გამოიკვეთებოდა. 

თუმცა, ვინაიდან თავდამსხმელი არასრულწლოვანია, ის უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროში უთხრეს. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, უწყებაში თქვეს, რომ ამაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაცა სასამართლოს მტკიცებულბებს წარუდგენენ.

ნიქო გორგილაძეზე თავდასხმის ვიდეო: 
 

 

კომენტარები