NATO-საქართველო

ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

nato
Jerry Morrison / wikipedia

ბრიუსელში ელჩების დონეზე NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მიზანი საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ზაფხულში დაგეგმილი ვიზიტის მომზადება იყო.

სხდომაზე ქართულ მხარეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რუსეთთან ურთიერთობების საკითხში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე წარმოადგენდნენ. სხდომას NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი თავმჯდომარეობდა.
საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა სხდომაზე მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ზურაბ აბაშიძემ კი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული დინამიკა გააცნო და ასევე ესაუბრა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ახალი მიდგომების შესახებ.
"სხდომაზე მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. მათ ასევე გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება. ალიანსის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და, ამავდროულად, პრინციპული მიდგომები რუსეთთან ურთიერთობებში. მოკავშირეებმა ასევე მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და მწუხარება გამოთქვეს ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის დროს სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.



კომენტარები