ვიდეო მუქარა

სააკაშვილი: დიდი ალბათობით, თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოები საქართველოშია დამზადებული

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვიდეომიმართვაში თალიბანის სახელით ვიდეოების გავრცელებს ეხმაურება და ავალებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ დაადგინონ, ვინ შეუკვეთა და შექმნა ვიდეოები. „ეს არის ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხი. მე მინდა არა მხოლოდ ვთხოვო, არამედ მოვთხოვო და დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ დაადგინონ, ამ კლიპის შექმნელები და დამკვეთები, ვინც უნდა იყვნენ ისინი. ეს არაა რთული საქმე. ეს ტექნიკურად მარტივი საქმეა და პოლიტიკური ნების საკითხია“ - აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე უნდა მიყვნენ და თავად ბოლომდე მიყვება, რათა არ მიჩუმათდეს იმ საბაბით, რომ გამოძიებას დიდი ხანი სჭირდება.

პრეზიდენტის თქმით, მან უკვე სთხოვა უცხოელ კოლეგებს დახმარება: „მივმართე წერილით ნატოს გენერალურ მდივანს, ამ წუთში მყავდა ამერიკის ელჩი და მივმართე მას თხოვნით, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთოს ექსპერტიზაში, რათა დადგინდეს არა მხოლოდ ის, თუ საიდან აიტვირთა, რაც იოლი დასადგენია, გუშინვე ადვილად შეეძლო დაედგინა ჩვენს პოლიციას, არამედ ვინ გააკეთა და შეუკვეთა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ბინძურ და სახიფათო თამაშთან“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ დიდი ალბათობით ვიდეოები საქართველოშია დამზადებული. „საქართველოს აქვს დიდი ტრადიცია უთანხმოების. ტრადიცია ერთმანეთთან ქიშპობის და დაპირისპირების. ეს არის ჩვენი ისტორიის უბედური ტრადიცია. ამის მეტი მე რა მინახავს ჩემს ცხოვრებაში და თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში. გვაქვს დიდი ტრადიცია, მათ შორის, უცხო ინტერესების შემოყვანის და საკუთარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც უნდა იყოს ხელშეუხებელი და რის მიღმაც არ უნდა მივდიოდეთ. ერთ-ერთი მთავარი არის ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, არსებობა და მომავალი. მთავარი უბედურება დღეს იმაშია, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს ვიდეოკლიპები არც ავღანეთშია დამზადებული და არც თალიბების გაკეთებული, ამას ადასტურებენ უკვე ამის ექსპერტები, მათ შორის ნატო-ს სტრუქტურებიდან, როგორც გუშინ მოვუსმინე. დიდი ალბათობით, ეს ვიდეორგოლები შეკვეთილია და დამზადებულია საქართველოში, რაღაც ჩემთვის გაუგებარი, თუმცა სრულიად კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის და გაგრძელებისთვის“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მომხდარს უპრეცედენტო დანაშაულად აფასებს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიდეორგოლები, რომელშიც ქართვლი ჯარისკაცების დახოცვისკენ მოუწოდებენ, შეიცავს საფრთხეს საქართველოს მოსახლეობისთვის, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. „ესეც თავისთავად საგანგაშოა იმ დღეებში, როდესაც ავღანეთში მოხდა თავდასხმა და აფეთქება. რა თქმა უნდა, მე კარგად ვიცი, რომ არის ბევრი ადამიანი, ვისაც მე არ მოვწონვარ. როდესაც მრავალი წელი ხარ მთავრობაში, ეს ასე ხდება, ბუნებრივია. არ მოვწონდე, ვაღიზიანებდე, ვეზიზღებოდე - რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიაა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ერთმანეთს არ ეთანხმება. არ ვეთანხმებით ერთმანეთს ქვეყნის წარსულის შეფასებაზე, აწყმოს აღქმაში და არც მომავლის ხედვაში“ - აცხადებს პრეზიდენტი და ამბობს, რომ ამ ყველაფრის მიღმაც არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ეს უთანხმოება არ უნდა იყოს.

კომენტარები