ბრაზილია

ბრაზილიაში ძლიერ წვიმებს სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე დაკარგულად ითვლება

დრონის კადრები წყალდიდობით დაზარალებული რიო გრანდე დო სულის შტატიდან, 2024 წლის 3 მაისი
 Jeff Botega/Agencia RBS via REUTERS

ბრაზილიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე შტატ რიო გრანდე დო სულში ძლიერმა წვიმებმა სულ მცირე 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან 70-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

რამდენიმე ქალაქში გზები და ხიდები განადგურდა. გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ქარიშხალმა გამოიწვია მცირე ჰიდროელექტროსადგურის სტრუქტურის ნაწილობრივი ნგრევაც. არსებობს ქალაქ ბენტო გონსალვესში მდებარე კაშხლის ნგრევის საშიშროებაც. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

შტატში, რომელიც ურუგვაისა და არგენტინას ესაზღვრება, ძლიერმა წვიმებმა 497 ქალაქიდან ნახევარზე მეტი დააზარალა. 24 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

"ეს რიცხვები შეიძლება არსებითად შეიცვალოს მომდევნო დღეებში, მას შემდეგ, რაც უფრო მეტ რეგიონში შევძლებთ შესვლას". - თქვა რიო გრანდე დო სულის გუბერნატორმა, ედუარდო ლეიტემ.

ლა ნინიას ფენომენის შემდეგ, რომელმაც ორწლიანი გვალვა გამოიწვია, შტატში ძლიერი წვიმები იყო გასული წლის სექტემბერშიც. მაშინ სტიქიას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები