ვლადიმერ ბედუკაძე

TI: ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო

ტაბულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას ეხმაურება, რასაც საფუძვლად საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშივილსა და ვლადიმერ ბედუკაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დაედო "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ". ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებოდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალად ედებოდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად აღიარებული ქმედება. "გაეროს კონვენციის - "წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ" - მეორე მუხლი ნათლად კრძალავს წამების ნებისმიერი ფორმით გამართლებას. გარდა ამისა, კონვენციის მეორე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, უმაღლესი თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი გახდეს წამების გამართლების საფუძველი. გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს წამების დანაშაულის დასჯა შესაბამისი სასჯელის გამოყენებით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ბრალეულობის ხარისხი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები ბედუკაძის შემთხვევაში შესაძლოა არასათანდოდ ყოფილიყო შეფასებული.

"ვლადიმერ ბედუკაძე სასამართლოს საბოლოო განაჩენის გარეშე, ფორმალური გაგებით, ვერ ჩაითვლება დამნაშავედ. მას ბრალად უმძიმესი დანაშაული ედებოდა და მისი მონაწილეობა ამ დანაშაულის ჩადენაში არც მთავარ პროკურორს და არც ბედუკაძეს არ უარყუვია. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბედუკაძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა. საქართველოს პროკურატურის მიერ კონკრეტული წამების ფაქტზე ბრალდებული პირის პასუხისმგებლობის დაყენებაზე უარის თქმით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, დაირღვა გაეროს კონვენციის მე-4 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს წამებაში მონაწილე პირის დასჯას ავალდებულებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისა და საქართველოს ციხეებში არსებული უმძიმესი დარღვევების გამოაშკარავებისთვის ვლადიმერ ბედუკაძესთვის მიზანშეწონილი იყო კანონმდებლობით დაშვებული შეღავათების დაწესება, თუმცა ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორსაც წარმოადგენს წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაუშვებელია პასუხისმგებლობისგან პირთა სრული გათავისუფლება.

"ამგვარი მიდგომა უხეშად ლახავს დაზარალებულ პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის პროცესში დაუშვებელია მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სამართლიანობის აღდგენა სახელდება, გაუგებარია რატომ ახორციელებს სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულების პატიებას და რატომ ახდენს ასეთი დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესების იგნორირებას", - აღნიშნავს ორგანიზაცია.

კომენტარები