NATO-საქართველო

რასმუსენი: ანტიდისკრიმინაციული კანონი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება

facebook.com/andersfoghrasmussen

დღეს, 27 ივნისს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან კოაბიტაციის გაგრძელების აუცილებლობაზე ესაუბრა.

რასმუსენმა ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე მიღებულ რეზოლუციასა და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "ეს პოლიტიკური კოაბიტაციის კარგი მაჩვენებელია".

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ კოაბიტაციის პროცესი გაგრძელდება.

“პოლიტიკური კოაბიტაცია იოლი არაა. მაგრამ დემოკრატიისთვის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან დაახლოებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კოაბიტაცია შეძლოთ. ჩვენ მივესალმებით თქვენს ერთობლივ რეზოლუციას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ასევე მივესალმებით კონსტიტუციის ცვლილების ერთობლივ მხარდაჭერას. ეს თანამშრომლობა პოლიტიკური კოაბიტაციის მაგალითია. იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივ პროგრესი გაგრძელდება,” განაცხადა რასმუსენმა. 

"ყველა საპარლამენტო პარტია, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ჩვენს ღირებულებებს იზიარებს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ასეთი კანონი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო ტესტი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ მიღწევებს და მის ევროატლანტიკურ ამბიციებს გააძლიერებს. საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და პოლიტიკურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას. პარლამენტს აქვს საკვანძო როლი, რათა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული განვითარების სფეროში. ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ ერთობლივად. ჩვენ დავეხმარებით თქვენს ქვეყანას, რათა მან ღირსეული ადგილი იპოვოს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში", - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენმა ასევე ისაუბრა უმცირესობების უფლებებზეც. 

“გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობის გამოხატვის თავისუფლება დისკრიმინაციის შიშის გარეშე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღია და შემწყნარებელი საზოგადოებისთვის. როგორც მითხრეს მუშაობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე. ეს კანონი წინ გადადმული ნაბიჯი იქნება,” განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები