ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

მერიისა და საკრებულოს 20-ზე მეტი მაღალჩინოსანი კვლავ დააკავეს

Wikipedia

დედაქალაქის მერია ადასტურებს, რომ თბილისის საკრებულოსა და მერიის 22 თანამშრომელი დღეს, 27 ივნისს, უკვე მეორედ დააკავეს. მერიის ინფორმაციით, დილით დაკავებული ყველა მოხელე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ახლვედიანის გარდა, სამართალდამცავებმა ხელახლა აიყვანეს. მერიის განცხადებით, მაღალჩინოსნები პირველად დილით, ქუჩებიდან აიყვანეს, მოწმის სტატუსით დაკითხეს და გაათავისუფლეს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი facebook-ის გვერდზე წერს, ხელახლა დაკავებებიც ქუჩაში მოხდა.

"ფინანსურმა პოლიციამ ისევ დაიწყო იმ ხალხის დაჭერა. ორი კაცი უკვე აიყვანეს. ისევ ქუჩებში დასდევენ ხალხს", - წერს ნადირაშვილი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ინფორმაციას ხელახალი დაკავების შესახებ ფინანსთა სამინისტროში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დღეს გაკეთებული საგანგებო განცხადებით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით 50 მილიონი ლარი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებმა გაფლანგეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაული მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით განხორციელდა.

კომენტარები