თბილისის მერი

გიგი უგულავა: მე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერი, გიგი უგულავა, საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

დედაქალაქის მერი ჯოზეფ ქეის ჩვენების, როგორც მტკიცებულების, დაუშვებლად ცნობაზე საუბრობს.

"ჩვენი შუამდგომლობიდან ერთ-ერთი, ჯოზეფ კეის პირველადი ჩვენება სასამართლომ დაუშვებლად ცნო იმ გარემოებათა გამო, რომ ის იყო უკანონოდ მოპოვებული. მე მიმაჩნია, რომ ის გარემოებაც, რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ეს ორი ჩვენება და ხელოვნურად არის უბრალოდ "კოფი ფეისთით" გადაღებული, საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო კეის ორივე ჩვენების გასაქარწყლებლად. თუმცა, თვითონ ის ფაქტი, რომ ეს გაუქმდა, მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიების სტადიაზე მთელი რიგი საპროცესო დარღვევებია ჩადენილი. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთ-ერთი მათგანი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ძალიან ბევრი ჩვენება მიღებულია უბრალოდ ძალდატანებით", - ნათქვამია განცხადებაში.  

გიგი უგულავა ასევე განმარტავს, რატომ განაცხადა უარი მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვაზე.

"მე დღეს უარი ვთქვი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე იმ მოტივით, რომ მე არ მინდა დამატებით კიდევ 12 ადამიანი გაეხვეს შარში. არ მჯერა, რომ დღევანდელ სიტუაციაში მათზე პროკურატურა არ მოახდენს შანტაჟს მათი და ოჯახების წევრების მიმართ. აქედან გამომდინარე, საკმარისია ის ხალხიც, ვინც აქამდე იტანჯება მათი მხრიდან და კიდევ დამატებით 12 ადამიანის ამ შარში გახვევის სურვილი არა მაქვს და ჩემი მხრიდან არ იქნებოდა გამართლებული. სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში, მე მთელი ჩემი შეგნებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების მომხრე ვიყავი, ვარ და ამის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი. მაგრამ, დღეს ისეთი პირობებია, რომ ჯობია ისევ საერთო სასამართლოს იურისდიქციის განხილვის საგანი იყოს ეს და ამიტომაც ვთქვი უარი და ბოლოს არსებითი განხილვა ნიშნავს იმას, რომ მხარეები წარმოადგენენ მტკიცებულებებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც პრაქტიკა გვანახებს, ესეთი რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები, მერე სასამართლოზე ბლუყუნში გადაიქცევა ხოლმე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი სიმართლის გვჯერა, მე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში", - აცხადებს თბილისის მერი.

შეგახსენებთ, დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ჯოზეფ ქეის 2013 წლის 15 თებერვლის ჩვენება, მტკიცებულებად არ დაუშვა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ჩვენება თურქეთში, საქართველოს საკონსულოში კანონდარღვევით ჩაიწერა, რადგან საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, საკონსულო საქართველოს ტერიტორიას არ წარმოადგენს და მასზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება.

პროკურატურა დედაქალაქის მერს გიგი უგულავას და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია იმედისა და შპს თბილსერვისჯგუფის ეპიზოდებზე, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კომენტარები