პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მთავრობამ სასამართლოზე ზედმეტი გავლენა არ უნდა მოახდინოს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

"მოსამართლეებს უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რომ ისინი ნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ მატერიალურად და მათ ჰქონდეთ, თუ გნებავთ, საუკეთესო პირობები საქართველოში", - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის შესახებ ისაუბრეს. კუბლაშვილმა ბიძინა ივანიშვილს იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე წარუდგინა.

"მე და ბატონ კოტე კუბლაშვილს მეორე შეხვედრა გვქონდა, ასევე გავიცანი იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დავრწმუნდი, რომ სასამართლოში ძალიან ბევრი ჯანსაღი და პროგრესული კადრია. პირველი შეხვედრის შემდეგ განცხადებებს გავაგრძელებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და საქართველოში უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, რაც წლების განმავლობაში აკლდა ჩვენს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ბატონ კოტეს ხელეწიფება დაარწმუნოს საზოგადოება, ბატონი ლევანიც და სხვა გუნდის წევრებიც. მათ ჰქონდათ არჩევნები, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია . ეს განწყობა, რაც აქვთ ბატონ ლევანს და ბატონ კოტეს, საჭიროა მივიტანოთ თითოეულ მოსამართლემდე. მთავრობა და პირადად მე, მთავრობის მეთაური, პრინციპულ პოზიციას ვიჭერ, რომ არ გაბედოს როგორმე და არ მოახდინოს ზედმეტი გავლენა მთავრობამ სასამართლოზე. ამავდროულად, მოსამართლეებს უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი, რომ ისინი ნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ მატერიალურად და მათ ჰქონდეთ, თუ გნებავთ, საუკეთესო პირობები საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები