ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

ირაკლი ღარიბაშვილი: ახლო მომავალში გაერთიანებულ საქართველოში წესრიგს დავიცავთ

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შედეგად გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას შეძლებს. ამის შესახებ მან თელავში საპატრულო პოლიციის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა კახეთის სამმართველოს ახალი ავტომანქანები გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის 5 წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპულ თანამშრომლებს პატივი მიაგო.

"ახლოვდება 8 აგვისტო. 5 წლის წინ სწორედ ამ პერიოდში ჩვენs ქვეყანას დიდი განსაცდელის გამოვლა მოუწია. რუსეთ-საქართველოს ომმა დიდი დანაკლისი მოგვიტანა - ოკუპირებული ტერიტორიები, იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეები, დაჭრილები, დაღუპულები. ძვირფასო პოლიციელებო, პატივი უნდა მივაგოთ იმ პირთა ხსოვნას, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს გმირი თანამშრომლებიც იყვნენ. მჯერა, რომ მათ თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩვენ მხოლოდ გააზრებული, თანმიმდევრული და ქმედითი ნაბიჯების შედეგად, ახლო მომავალში შევძლებთ გაერთიანებული საქართველოს საზღვრის არეალში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, იმ წესრიგის დანერგვას, რომელიც ქართულ პოლიციაში დღეს ხორციელდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები