მე-9 არხი

მე-9 არხის ჟურნალისტები: პრემიერს რეალური ინფორმაცია არ მიეწოდებოდა

მეცხრე არხი

მეცხრე არხის თანამშრომლებმა, ტელეკომპანიის დახურვასთან და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 22 აგვისტოს გვიან საღამოს, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ჟურნალისტები ტელეკომპანიის შენობაში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მე-9 არხის დახურვის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პრემიერმა ჟურნალისტების განცხადებებით უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ   არხის მაუწყებლობის შეწყვეტა მის ოფიციალურ დახურვამდე, ჟურნალისტების არაპროფესიული გადაწყვეტილება იყო.

ტელევიზიის თანამშრომელთა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" საქმიანობა 2012 წლის 30 აპრილს, ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში განაახლა. "მეცხრე არხზე" იყო სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ყველა ჩვენგანისთვის ქმნიდა მოტივაციას, მეტი პროფესიონალიზმით და თამამად ეთქვა სათქმელი. არ ყოფილა თემა, რომლის გაშუქებისგანაც არხის საინფორმაციო სამსახურმა, კონიუქტურული მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა.

არხის მფლობელის, პრემიერმინისტრის ოჯახის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ყველა თანამშრომელი გაგებით შეხვდა. მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, არხის საინფორმაციო სამსახურმა მთავარ - 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საკუთარი გულისტკივილიც დელიკატურად გამოთქვა და არხის მფლობელს აქამდე გამოჩენილი თანადგომისთვის, სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტისთვის, მადლობაც გადაუხადა.

"მეცხრე არხის" ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ემიჯნება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმულ შეფასებას "გამოყენების" შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. "მეცხრე არხი" იყო თითოეული ჩვენგანის არჩევანი და, ამავე დროს, კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავს კერძო მედიასაშუალებაში მუშაობა.

რაც შეეხება არხის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს: საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთა დიდ ნაწილს მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი ჟურნალისტური წარსული აქვს. მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საერთაშორისო მედიასაშუალებებთან: BBC - (ქეთი თუთბერიძე), RaiNews- (თამუნა ხურცია), Deutsche Welle- (დავით ახვლედიანი), France Press - (გიორგი ფოფხაძე), Voice of America (რუსუდან წერეთელი), CNN- (ლაშა ზარგინავა), National Geographic (გია ცინცაძე), New York Times (თამთა კაპანაძე) და ა. შ. არხის საინფორმაციო სამსახურში მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებიც წარსულში საქმიანობდნენ სხვადასხვა ქართულ ნაციონალურ არხზე და იყვნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები. თითოეულ მათგანს გავლილი აქვს ავტორიტეტული საერთაშორისო მედიაორგანიზაციების ტრენინგები და პრაქტიკული კურსები.

პრემიერმინისტრს არაერთხელ აღუნიშნავს "მეცხრე არხის" ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. შესაბამისად, ჩვენთვის მოულოდნელი იყო ბატონ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება. მიგვაჩნია,რომ პრემიერმინისტრს არ მიეწოდებოდა რეალური ინფორმაცია არხის რეიტინგისა და თანამშრომელთა განწყობის შესახებ.

ორი დღის განმავლობაში ჩვენ, "მეცხრე არხის" თანამშრომლებმა, განსაკუთრებული თანადგომა ვიგრძენით ჩვენი მაყურებლისგან, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს. მაყურებლის ნდობა და სიტყვის თავისუფლება იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია.

მადლობა ჩვენს მაყურებელს!" - აღნიშნულია ტელევიზიის თანამშრომლების განცხადებაში.

კომენტარები