სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სამინისტრო გაგა მკურნალიძის წერილს ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებს, ყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გაგა მკურნალიძის წერილი "დაუყოვნებლივ გასავრცელებლად" გაუგზავნა. მკურნალიძე ამჟამად სასჯელს იხდის. სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი წერილში ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროსაც არსებობდნენ "ლიდერები", რომლებიც ზემოქმედებდნენ სხვა მსჯავრდებულებზე. ციხეებში წინა ხელისუფლების პერიოდში ე.წ. მაყურებელთა დიდი ოდენობით არსებობის შესახებ დღეს სასჯელაღსრულების მინისტრიც საუბრობდა

წერილში მკურნალიძე აცხადებს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, მიიჩნევდა, რომ იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც თავის თავზე აიღო ტვირთი, რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო ბრძოლა გაემართა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ.

"სამყაროს, რომელიც ათწლეულების, თითქმის საუკუნის განმავლობაში თავისი წესებითა და კანონებით მკაცრად ჩამოყალიბდა. ამ ბრძოლის პროცესში მე და ჩემი მეგობრები საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახების უსაფრთხოების ფასად, 24 საათის განმავლობაში ვცდილობდით მაქსიმალურად შეგვეზღუდა და აღმოგვეფხვრა დაწესებულებებში კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა. დღეს, როდესაც წარსულზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ფაქტიურად შეუძლებელია სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა. ყოველთვის არსებობდენ მსჯავრდებულები, რომლებსაც გონებრივი შესაძლებლობებით, კრიმინალური წარსულით ან თუნდაც ფიზიკური შესაძლებლობებით შეეძლოთ გაეკონტროლებინათ სხვა პატიმრები და ადმინისტრაციის მხრიდან თითოეული ასეთი პატიმრის შეზღუდვა თავის მხრივ სხვა ახალი ავტორიტეტის გაჩენით სრულდებოდა. მე შორს ვარ აზრისაგან, ვამტკიცო, რომ როდესაც მე ვიყავი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პატიმართა შორის არ არსებობდნენ "ლიდერები", რომლებიც ზემოქმედებდნენ სხვა მსჯავრდებულებზე, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ეს ადამიანები ჩემ მიერ ინიშნებოდნენ. არცერთი მათგანის მიზანმიმართული შერჩევა მე არ მომიხდენია. პირიქით, ჩვენი მიზანი კრიმინალთან ბრძოლა გახლდათ", - აცხადებს მკურნალიძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გაგა მკურნალიძე პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იყო ბრალდებული. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აკაკი მინაშვილმა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სქემა გამოაქვეყნა. 

მინაშვილის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. რეზბალნიცას კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, ზედმეტსახელად ტარასა მართავს. ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი, იგივე ხალვა, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. პარტიის ინფორმაციით, ქსნის ციხეში, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია "უყურებს", კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი. 

 

კომენტარები