ფიქლის გაზი

პოლონეთში ფიქლის გაზის მოპოვება დაიწყო

A well is seen at test drilling site Markowola-1 near Kozienice, central Poland
Kacper Pempel / REUTERS

პოლონეთში ფიქლის გაზის საცდელი მოპოვება დაიწყო. პოლონური გამოცემის Rzeczpospolita-ს ცნობთ, ამერიკული კომპანია ConocoPhillips-ის შვილობილი კომპანია — Lane Energy Poland ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარე ჭაბურღილიდან დღე-ღამეში 8 ათას კუბურ მეტრ აირს მოიპოვებს.

მართალია, გაზის კომერციული მოპოვებისთვის ეს საკმარისი არ არის, თუმცა ევროკავშირში ფიქლის გაზის მოპოვების დღეისთვის ყველაზე მაღალი მოცულობაა. Lane Energy Poland-მა საცდელ ჭაბურღილზე სამუშაოები ივლისში დაიწყო.

პოლონეთში ფიქლის გაზის მარაგი 800 მილიარდამდე კუბურ მეტრს შეადგენს. ქვეყანა წელიწადში 14-15 მილიარდს მოიხმარს, ამ მოცულობის უდიდეს ნაწილს პოლონეთი რუსეთისგან ყიდულობს.
2020 წლამდე პოლონეთის მთავრობა ფიქლის გზის მოპოვებაში 12,5 მილიარდი ევროს ინვესტირებას პროგნოზირებს. ქვეყანაში მოპოვებაზე ასზე მეტი ნებართვა უკვე გაცემულია.

ე. წ. ფიქლის რევოლუციის შედეგად აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასმა უკვე მნიშვნელოვნად დაიკლო და ქვეყანა გაზის იმპორტიდან მის ექსპორტზე გადასვლას გეგმავს.ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ფიქლის გაზის მოპოვებას დიდ იმედებს უკავშირებს. დიდმა ბრიტანეთმა ამ სახის წიაღისეულზე ბუნებრივი რესურსების გადასახადში მნიშვნელოვანი შეღავათი დააწერა. თუმცა, საფრანგეთში ფრეკინგის მეთოდი, რომლითაც ფიქლის გაზი მოიპოვება, აიკრძალა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფიქლის გაზის მოპოვების განვითარება ბუნებრივი აირის ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ფასების შემცირებას გამოიწვევს, რაც რუსეთის გაზის და ნავთობის ექსპორტზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები