აქცია უზენაეს სასამართლოსთან

ბარნოვი: უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქცია სასამართლოზე ზეწოლაა

www.weeknews.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციას სასამართლოზე ზეწოლად აფასებს. 
მისი თქმით, აქცია დღეს ხელისუფლებასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა პირებმა გამართეს. 

"აქციაზე სხვა სრულიად მიუღებელ ლოზუნგებთან ერთად გაისმა მოწოდებები, რომელმაც ფარდა ახადა ამ აქციის ნამდვილ მიზანს. კერძოდ, საუბარია მოწოდებაზე, თურმე საერთოდ სასამართლოებში უნდა აღდგეს 2005 წლამდე არსებული ვითარება და თანამდებობაზე დაბრუნდეს ყველა ის მოსამართლე, რომელიც მაშინ გათავისუფლდა. ეს არის ღია ზეწოლა სასამართლოზე მისი დამორჩილების მიზნით. ეს არის 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობა, ეს არის სასამართლოში არაპროფესიონალების და კორუფციის აღდგენის მცდელობა", - აღნიშნა ბარნოვმა. 

ბარნოვმა ასევე თქვა, რომ ახალი ხელისუფლება ცდილობს, წყალს გაატანოს ყველა ის პოზიტიური შედეგი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შექმნა.

"სასამართლოს დამოუკიდებლობა ასეთი რეფორმების რიგს მიეკუთვნება, ამიტომ არ დავუშვებთ, რომ ამ რეფორმის წარმატება დღევანდელმა ან რომელიმე სხვა ხელისუფლებამ შეცვალოს. დღეს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე და გავლენა იქონიონ მათთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეებზე. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და არავის მივცემთ უფლებას, რომ ის ხელყოს", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

დღეს უზენაეს სასამართლოსთან მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელმა, ირმა ინაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის, გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტს მიმართეს და თქვეს, რომ დროა, პრეზერვატივების საქმის განხილვის ნაცვლად, კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტზე მუშაობა დაიწყოს. 

"კუბლაშვილი არის დამნაშავე, ის უნდა გასამართლდეს იმ დანაშაულებებისთვის, რაც ჩადენილი აქვს 9 წლის განმავლობაში. მან უნდა აგოს პასუხი. ჩვენ არ ვიზიარებთ არანაირი კოჰაბიტაციის პოლიტიკას , ჩვენ ვიზიარებთ იმ მოწოდებას, რაც არის ქართველ ხალხში და საზოგადოებაში,რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს.“ - აღნიშნა ინაშვილმა.

 

კომენტარები