NATO-საქართველო

ირაკლი ალასანია: პოლიტიკოსები უნდა დავეწიოთ ჯარს და მის სტანდარტებზე ავიდეთ

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, საქართველო 2015 წლიდან NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი გახდება. როგორც ალასანიამ კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამი კვირის წინ მიიღო.

"ეს ჩვენი სამხედრო ძალების უდიდესი აღიარებაა. ეს არის მუდმივი მზადყოფნის შეიარაღებული ნაწილები, რომლებსაც კრიზისულ სიტუაციაში საერთო გადაწყვეტილებით სწრაფი რეაგირებისთვის გამოიყენებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს უდიდეს გამოცდილებას შესძენს ქართულ არმიას. ჩვენი ჯარი პრაქტიკულად NATO-ს სტანდარტებით მომზადებული ჯარია. მეტიც, ჩვენი ჯარი უკვე NATO-შია და ახლა პოლიტიკოსები უნდა დავეწიოთ ჯარს და მის სტანდარტებზე ავიდეთ. NATO-სთან ურთიერთობამ ის მოგვცა, რომ 11 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა გაიარა სრულყოფილი წვრთნა უმაღლესი სამხედრო სტანდარტებით. ეს არის ძალა, რომელიც ნებისმიერ მტერს პროფესიულად დაუპირისპირდება. ეს არის ქართული ჯარის გამორჩეულობა რეგიონის სხვა ყველა ჯარისგან. ჩვენ აქცენტი გვაქვს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ამიტომ გვეყოლება მობილური, სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალები, რაც რიცხოვნობის გაზრდას კი არა, პირიქით, ოპტიმიზაციას გულისხმობს", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები